10 აგვისტო 2026,   16:54
ვრცლად
გიორგი ბაჩიაშვილი მეორე ინსტანციის სასამართლომაც გაამტყუნა და 11 წლით პატიმრობაში დატოვა - პროკურატურის თქმით, საქმეში ბაჩიაშვილის ბრალეულობის დამდასტურებელი არაერთი მტკიცებულება დევს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი, 11 წლით პატიმრობაში დატოვა. სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილება, სხდომის თავმჯდომარე პაატა სილაგაძემ გამოაცხადა, რომელსაც სასამართლო დარბაზში ისმენდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილიც. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მილიონობით დოლარის კრიპტოვალუტა მიითვისა. პროკურატურის თქმით, საქმეში ბაჩიაშვილის ბრალეულობის დამდასტურებელი არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის, აღიარებითი ჩვენება.

პირველი ინსტანციის მსგავსად, სააპელაციო სასამართლოში ბრალდებებზე პასუხის ნაცვლად, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდა. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მაინინგში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაბანდებული 5 მილიონი თითქოს მხოლოდ სესხი იყო და არა ინვესტიცია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა ისიც, რომ ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენდა. "კურიერმა" მოიპოვა ის ელექტრონული მიმოწერა, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტობირჟასთან ჰქონდა. დოკუმენტით, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, დგინდება, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის წილი საქმეში 1.5 მილიონი დოლარი იყო, რომლის გადარიცხვასაც ის მის კუთვნილ ანგარიშზე ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე, რომელიც განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს. ბრალდების მხარე კი ფიქრობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წინასწარ შემუშავებული სქემით მოქმედებდა. მისი განცხადებები კი ურთიერთგამომრიცხავია.

ასეულობით მილიონი დოლარის მითვისების საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, პოლიტიკურ მოტივს ხედავს ოპოზიცია.

"სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში მიზანმიმართულად გადატანა" - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ რუსული პასპორტით გაქცეული გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო აქციებს აფინანსებდა, ახლა სასჯელისგან თავის არიდებას ცდილობს.

კრიპტოვალუტის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილი ორივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. კრიპტოვალუტის გარდა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და "მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის საქმეებზე აქვს წარდგენილი.

დღის ამბები