კოლეჯი და პროფესია უკვე შერჩეული აქვს — ვანო ყორღანაშვილი სწავლის დასაწყებად პირველი ნაბიჯის გადადგმას 1-ელი სექტემბრიდან შეძლებს. ეს არის თარიღი, როცა პროფესიულ სასწავლებელში სწავლების მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყება. დარწმუნებულია, რომ სასურველ კურსზე მოხვდება და კოლეჯში მიღებული ცოდნა კარიერულ წარმატებაში დაეხმარება.
2025 წლის მიღებისთვის პროფესიულ განათლებაში სიახლეა — გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა. ეს საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს შანსს აძლევს, პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრული საშუალო განათლებაც მიიღონ. კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ატესტატს უტოლდება და სტუდენტებს სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტებშიც შეეძლებათ.
ინფორმაციული ტექნოლოგიები, კულინარია, მშენებლობა — ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მრავალფეროვანი მიმართულებიდან, რომელსაც კოლეჯები სთავაზობენ. ყველა დაწესებულებამ უკვე გაიარა ავტორიზაცია და კურსის დასრულების შემდეგ ოფიციალურ დიპლომსაც გასცემენ.
პროფესიული უნარების დაუფლების მსურველებს კვლავაც შეუძლიათ დუალური მიდგომის პროგრამებში ჩართვა. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები სწავლას არა მხოლოდ კოლეჯებში, არამედ პარტნიორ კომპანიებშიც — რეალურ სამუშაო გარემოში გაივლიან. მრავალფეროვანი, ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული სწავლება - პროფესიული განათლება განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალების ნახვა და სასურველი კოლეჯის შერჩევა უკვე შესაძლებელია სპეციალურ ვებპორტალზე.