06 აგვისტო 2026,   17:10
ვრცლად
ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. საიუბილეო ღონისძიება ქუთაისში, ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედრო ფიცი დადეს 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა. დასავლეთის სარდლობისა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა მათ საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვეს.

ბრიგადის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. გაიმართა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც.

ღონისძიებას მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

მესამე ქვეითი ბრიგადა 1992 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ახალციხეში, თავდაპირველად 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახით შეიქმნა და ერთ-ერთი ძველი ქვედანაყოფია საქართველოს თავდაცვის ძალებში. ბრიგადის პირადი შემადგენლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიურად მონაწილეობდა.

დღის ამბები