07 აგვისტო 2026,   10:13
ვრცლად
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს, - აცხადებს საქართველოს პირველ არხს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

„უცებ გამოდის ეს მოკრუსუნე ელემენტი და ხელაღებით საუბრობს, თურმე რუსული დისციპლინის ქვეშ მყოფი შემადგენლობა გაცილებით უფრო ღირსეულად აწარმოებდა საბრძოლო მოქმდებებს და ტყვეების მიმართ ბევრად უფრო შემნდობები იყვნენ, ვიდრე ქართველები და საქართველოს მხარეს მებრძოლი ის ადამიანები, რომლებიც მართლა უდიდესი მისიით იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის. ასეთი ბრალდება ჩვენს მოწინააღმდეგეს არ წაუყენებია ჩვენთვის, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღირსებით მებრძოლი ადამიანები.

საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ ჩვენ საკმაოდ მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ დაახლოება ერთმანეთთან. დაღუპულების გადმოსვენების პროცესში უდიდესი თანადგომა აქვს აფხაზურ მხარეს, საკმაოდ დიდი და იმედიანი მიმართულებით ვავითარებთ ურთიერთობებს ჩვენს შვილებს შორის. როდესაც სახელმწიფო ვერ ჩაითრიეს ომში, ახლა გააჟღერეს აბსოლუტურად უაზრო ბრალდება. ჩვენ ერთობლივი განცხადებით აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, რომ დაგვეხმარონ შესაბამისი კომპეტენტური მოკვლევის ჩატარებაში, მოვივთხოვთ, გაგვარკვიოს ჭეშმარიტებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ განუცხადა.

დღის ამბები