ქუთაისის მე-7, სოფელ გურნასა და ღვანკითის სკოლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მალე, იმერეთში ასობით მოსწავლე სწავლას სრულიად განახლებულ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებს.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო განათლების მინისტრი. გივი მიქანაძე პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
ძველი ინფრასტრუქტურის ნაცვლად მოსწავლეებს ახალი კლასები, ინვენტარი, კეთილმოწყობილი სივრცეები და კომფორტული პირობები დახვდებათ. სკოლები სრულად ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის - მოეწყობა ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სანიტარული კვანძები.
თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურსოთახები და ექიმის კაბინეტები - ეს არის სივრცეები, სადაც ბავშვები ცოდნას და გამოცდილებას გაუმჯობესებულ გარემოში მიიღებენ. თითოეული სკოლა ყველა საჭირო სასწავლო რესურსით აღიჭურვება.
რეაბილიტაციის პროექტები დასასრულს უახლოვდება. საერთო ჯამში კი, 17 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. სკოლების განახლება განათლების სამინისტროს გეგმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე