ხაბეიშვილის "ქურქუმალ ვაითმა" პატიმრობაც ჩაიწერა. ხელისუფლების დამხობის სურვილით შეპყრობილის გეგმები მას შემდეგ დაემხო, რაც, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასულს, კანონმა მიაკითხა. "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე მოკლევადიანი თავმჯდომარე ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაშია ბრალდებული. ხაბეიშვილი პოლიტიკურ ავანსცენაზე, რევოლუციური ვნებებით, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა გამარჯვების გზად არჩევნები აირჩია, მეორე ნაწილს კი ამ გზაჯვარედინზე მიზნის მისაღწევად ისევ ქუჩა დარჩა.
ალბათ, გასაკვირიც არ არის, რომ ლევან ხაბეიშვილის კვალიფიკაცია ვერ საზღვრავს, რომ სიტყვა "დამხობა" და "მშვიდობა" ერთმანეთს გამორიცხავს. "მშვიდობიანი დამხობა" ერთად, ის ოქსიმორონია, რომელსაც სამართალი არ აღიარებს. თუმცა, პოლიტიკოსს დამხობა და რევოლუციები, მრავალ, თუმცა არამრავალრიცხოვან აქციებზეც ბევრჯერ დაუანონსებია - ხან პარტია გადაჰყავდა საგანგებო რეჟიმზე, ხან ლიდერს იხსნიდა ფიზიკურად, ხან კი ამ ლიდერსვე ფასსაც ადებდა.
სიტყვა საქმედ ვერასდროს აქცია. ხაბეიშვილის პოზიციებში რყევებიც ბევრი იყო. დროსთან ერთად, აზრებიც შეცვალა. 2016 წელს, პოლიტიკოსმა ზურგი "ნაციონალურ მოძრაობას" აქცია და ზურგის ქარმა გიორგი ვაშაძის რიგებში წაიყვანა. მაშინ, ყოფილ პარტიას რესურსს თამამად უწუნებდა.
პოლიტიკური ფერისცვალების შემდეგ, ხაბეიშვილმა საკუთარი სიტყვებიც უარყო და ფაქტებიც. არადა, 9 წლის შემდეგ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებიდან არჩევნებამდე: საარჩევნო ყუთებთან ხმებს, აქციიდან აქციამდე კი ქუჩაში ხალხს კარგავდა. სიტყვებთან ერთად, საქციელიც ბევრჯერ გაექცა.
სატელევიზიო არქივი ბევრ ფაქტს ინახავს - მისი მუქარა შეუსრულებელი დაპირებების ჩამონათვალს დაემატება. ხაბეიშვილთან ერთად, ამ ეპიზოდში მოხვდება პაატა ბურჭულაძეც - საოპეროდან ქუჩის სცენაზე გადასული, რომელიც რევოლუციით იმუქრება. ვინ ვის მისცა დანაშაულებრივი ბანი დამხობის იდეაზე? - ხაბეიშვილ-ბურჭულაძემ აზრები აქაც ბევრჯერ შეცვალეს. თუმცა, ფაქტია, რომ მათი მასშტაბი ისევ და მხოლოდ ქუჩას გასწვდა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დეჟავიუ ახალი არავისთვისაა. ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსული პარტიის რეალური ზრახვებიც მარტივი გასაშიფრია. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების დავალებით მოქმედებენ.
ქუჩა და არჩევნები - ორად გაყოფილი ოპოზიცია გამარჯვებამდე მისასვლელ ორ გამოსავალს ირჩევს, თუმცა ამ გზაზე "ქართული ოცნება" ოპონენტებს კანონზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა არ იცვლება. უცვლელს ტოვებენ გეგმასაც. მეტიც, მეტი ჰაეროვნებისთვის, ანა წითლიძემ ლექსიკონში სიტყვა "ნარნარიც" გაააქტიურა.
"ლელო" ჯერ საარჩევნო პროცესს შეერკინება, შემდეგ კი აქციაზე მივა. ქუჩის პროტესტის მიზანი გაცხადებულია, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია ამ მიზანს თან ეწინააღმდეგება და არჩევნებზე გადის, თან ქუჩასაც არ დატოვებს. არადა, ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" კრიტიკის ქარცეცხლში მათი სტრატეგია არაერთხელ მოექცა.
ოპოზიციის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებები რომ მათი ლობისტების მხრიდან არის წახალისებული, ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია. ხელისუფლების პირველი პირები ოპონენტებს აფრთხილებენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს სამართლებრივი პასუხი გაეცემა.
ლევან ხაბეიშვილის ქუჩის ოცნება ვერ ახდა, "ქართული ოცნება" კი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. 60 პროცენტზე მეტი 64-ივე მუნიციპალიტეტში - მმართველი გუნდის მიზანი დასახლებულია. 4 ოქტომბრამდე კი 13 დღე დარჩა - თარიღამდე, როდესაც მოქალაქეები არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო უბნებზე მიდიან და საკუთარ ნებას გამოხატავენ.