06 აგვისტო 2026,   13:57
ვრცლად
ზვიად კუპრავა ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მოწოდების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა "ნაციონალური მოძრაობისა" და თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. ახლა ის ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია. კუპრავას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 353-ე მუხლებით დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გარდა, ზვიად კუპრავა აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა ვიდეომოწოდებები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

სააკაშვილის პარტია თანაგუნდელის დაკავებას მხოლოდ წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა. მათ პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელში" კი, თქვეს, რომ კუპრავას მოწოდებები ძალადობრივი შინაარსის არ იყო.

ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა," როგორც ორგანიზაცია და იდეოლოგია, დემოკრატიული წყობილების მტერია.

ზვიად კუპრავამ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა წარსულშიც არაერთხელ სცადა. ის 2020 წლის 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე, 2021 წლის 2 ოქტომბერს და 2021 წლის 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მომხდარი დაპირისპირებების გამო დააკავეს. ახლა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას ედავება.

დღის ამბები