დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალის ოფიციალური დადგენილება დღეს 3 საათზე გააცნეს. კობა გაბუნიას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. დაკავებამდე და ბრალის წარდგენამდე ყოფილი მაღალჩინოსნის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ადვოკატის ინფორმაციით, გაბუნიას სახლის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ტექნიკა ამოიღეს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ახლა სასამართლოს მოლოდინშია. სახელმწიფო ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, პატიმრობას მოითხოვს. გამოძიების ინფორმაციით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კობა გაბუნიას დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელმაც 2023–2024 წლებში შპს "ლაგი კაპიტალზე" საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი ავანსი გასცა – თუმცა, კომპანიას არც მანამდე აღებული თანხა ჰქონდა მიზნობრივად დახარჯული. პროკურორის განცხადებით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამის შესახებ იცოდა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა "ლაგი კაპიტალს" მაინც გადაურიცხა.
ამავე საქმის ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები 20 სხვადასხვა ობიექტზე ჩატარდა. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის საცხოვრებელი სახლიც.
მინისტრის მოადგილემდე საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ხელბორკილები რეგიონული განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს დავით ტაბიძეს და ფონდის პროგრამისა და პროექტების მენეჯერებსაც დაადეს. დაკავებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვეს. "კურიერი" დღეს დავით ტაბიძის ადვოკატსაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
სახელმწიფო კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გამოძიება შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელ პირებსაც ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სამი წლის წინ 11 ტენდერში გაიმარჯვეს – თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს, რეაბილიტაცია არ ჩაუტარებიათ 30 ბაღისთვის და სახელმწიფოს კუთვნილ 9 მილიონ ლარზე მეტს მოტყუებით დაეუფლნენ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ოპოზიცია სამართლებრივ შეფასებებს უკვე აკეთებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კორუფციულ სქემებზე დიდი ხანია საუბრობენ.
მმართველ გუნდში კი მომავალში კორუფციის პრევენციაზე საუბრობენ. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო მთავრობის პოლიტიკა ნებისმიერი კანონდამრღვევის მიმართ მკაცრია.
მიმდინარე გამოძიებასთან და შესაძლო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ კორუფციის წინააღმდეგ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა – უკვე ამოღებულია, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტში აისახება.
მრავალტომიან საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ავტორი: ნანა გოგატაძე