ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული
ინფორმაცია განახლებადია:
22:47 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა
"ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს.
იმედი მაქვს, მისი მფარველობა, მისი ლოცვა გაგრძელდება და კიდევ უფრო განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურთიერსიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ყველას", - განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა
22:32 - "კავკასიის მედიცინის ცენტრში" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა
22:32 - "კავკასიის მედიცინის ცენტრში" - საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდა
20:05 - ფასდება როგორც "კრიტიკულად მძიმე კატეგორია" - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
„კრიტიკული ფაზები არის ძალიან ინდივიდუალური, დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამიტომ, ხდება ყველა ანალიზის და ყველა პარამეტრის კონტროლი საათობრივად, ფაქტობრივად და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები, ანუ წნევა, პულსი, იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი ორგანიზმის მიერ. საკმაოდ ვარირებადია მდგომარეობა, რადგან აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი საჭიროება, სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა, რა თქმა უნდა, უნდა სიტუაცია მართულია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება“, - განაცხადა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელმა სოფიო ასპანიძემ
19:45 - რამდენიმე საათში, კვალიფიციური და დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი-რეანიმატოლოგი თბილისში ჩამოვა - მიხეილ სარჯველაძე
"უცხოელი ექიმის მოწვევაზე დილიდან ვიმუშავეთ. პრაქტიკულად დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც, სულ რამდენიმე საათში, საკმაოდ კვალიფიციური და დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი. ის იქნება აქ, თბილისში. მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნები პრაქტიკულად დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა. ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, რომ იქნებ რაიმე უკეთესი რჩევაც იყოს", - განაცხადა სარჯველაძემ.
19:27 - სასიცოცხლო ფუნქციები მედიკამენტებს უკავია - მიხეილ სარჯველაძე
"მდგომარეობა არის არსებითი დინამიკის გარეშე. არის გარკვეული ცვლილებები, თუმცა არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ.
ექიმები მუდმივად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება ვნახოთ შესაძლებლობა შემდეგი გაუმჯობესებისთვის, უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს, ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ეს არის მუდმივად დაკვირვება, ფრთხილად გაზომვა და დასკვნების გაკეთება"
19:26 - გუშინ დაახლოებით შუადღეს გაჩნდა პრობლემა, მკურნალი ექიმების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადაყვანილიყო "ჩაფიძის კლინიკაში" - მიხეილ საჯრველაძე
გუშინდელი დღე იყო, დაახლოებით შუადღე, როდესაც გაჩნდა პრობლემა, იყო სატურაციის ვარდნა, იყო გარკვეული პარამეტრები, რაც მოითხოვდა ჩარევას. შესაბამისად, მკურნალი ექიმების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სატურაციის პრობლემების ირგვლივ გადაყვანილიყო ჩაფიძის კლინიკაში“
ჰემოგლობინმა მიანიშნა ექიმებს, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, რაც შესაძლოა იმ წუთას მიმდინარეობდა უსიმპტომოდ, როგორც ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა, დაუყოვნებლივ, წუთებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის პოლიპროფილურ დაწესებულბაში გადმოყვანის შესახებ“ - მიხეილ სარჯველაძე.
18:50 - განცხადებას აქვეყნებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
"გამოვხატავთ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს.
მისი მრავალწლიანი საქმიანობა - რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში- უმნიშვნელოვანესია." - აღნიშნულია განცხადებაში.
18:46 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობისთვის პარაკლისი აღევლინა
ღვთისმსახურება, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა სინოდის წევრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
18:40 - მიხეილ ყაველაშვილი "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი კლინიკაში მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან ერთად მივიდა.
მიხეილ ყაველაშვილი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ დღის პირველ ნახევარშიც იმყოფებოდა.
18:27 - კავკასიის მედიცინის ცენტრში საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მივიდა
"ვიყავი კლინიკაში, ვინაიდან იყო ნიშანი, რომ ქრისტე არის დღეს აქ. ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ ერთად, სულიერად ერთად. მე, 31 წელია, საქართველოში ვარ და ამ 31 წლის განმავლობაში მქონდა კავშირი მასთან, შემიძლია ვთქვა, ზოგჯერ შვილური კავშირიც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი ლოცვით“ - განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
18:21 - "თურქეთიდან ღამის პირველი საათისთვის ველოდებით სპეციალისტს, მცირედი უკეთესობა შეინიშნება და დამაიმედებელია" - მეუფე შიო
"თურქეთიდან ველოდებით ღამის პირველი საათისთვის სპეციალისტს, რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული და ელოდებიან როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის, წნევის პარამეტრები და სხვა იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მკურნალობა.
როგორც ვიცით, მცირედი უკეთესობა შეინიშნება და დამაიმედებელია. მთავარია, რომ ვილოცოთ ყველამ, მთელმა საქართველომ, მრევლმა, ხალხმა, მისი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.
17:44 - "სისხლდენა შეჩერებულია, ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება" - ვახტანგ კალოიანი
"შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე. სისხლდენა შეჩერებულია. სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ რთულია. კუჭიდან სისხლდენა არის ძირითადი პრობლემა. ამან გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია." - განაცხადა რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა.
17:06 - "თურქეთიდან მედიკოსების ჩამოყვანა იგეგმება" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
არსებული ინფორმაციით, თურქეთიდან მედიკოსების ჩამოყვანა იგეგმება, - ამის შესახებ დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"აქამდე თუ იყო საეჭვო, მოდიან თუ არა ექიმები, ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ელოდებიან ჩამოსვლას" - განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.
15:56 - "კავკასიის მედიცინის ცენტრში" 8 წევრისგან შემდგარი სამედიცინო კონსილიუმი შეიკრიბა - მიხეილ სარჯველაძე
"კონსილიუმზე მთავარი რაც გამოიკვეთა არის ის, რომ უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ასაკის, მდგომარეობის, ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე, ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ, რომ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით და ბუნებრივია, რომ რელევანტური იყოს მიღებული გადაწყვეტილება.
იმდენად კომპლექსურია ეს ანალიზების მონაცემები და ა.შ., იქ არ არსებობს ერთი და ორი, იქ არის ძალიან ბევრი ინდიკატორი, რომლის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში იყოს უარყოფითი." - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე.
15:10 - კავკასიის მედიცინის ცენტრში სასულიერო პირები, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან
"უნდა ვილოცოთ და უფალს მოწყალება ვთხოვოთ. თქვენც ილოცეთ, რომ უფალმა შეგვიწყალოს და კიდევ გვიმყოფოს დიდხანს ჩვენი პატრიარქი," - განაცხადა დეკანოზმა, თბილისის ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თეოდორემ (გიგნაძე).
"უნდა ილოცონ მოძღვრებმა, ეპისკოპოსებმა. ზეთისცხება ჩავუტარეთ და ახლა ყველამ უნდა ვილოცოთ. მეც ვიყავი ძალიან ცუდად და როცა უწმინდესი მოვიდა, წამოვდექი და 20 წელია დავდივარ. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ უნდა ვილოცოთ და გვჯეროდეს, რომ კარგად იქნება," - აღნიშნა ქაშუეთის ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა ელიზბარმა.
14:59 - სამედიცინო დაწესებულებაში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდა
"ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად ვიდგეთ და ვილოცოთ მისთვის. ექიმების კონსილიუმი იყო და განიხილავენ, რა როგორ უნდა გადაწყდეს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ, სამედიცინო ჩარევით, შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
14:57 - "კავკასიის მედიცინის ცენტრში," პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა
"მე მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო და მადლობას გადავუხდი ექიმებს. ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ამ ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
14:24 - „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა
კახა კალაძემ ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, შეხვდა კლინიკაში შეკრებილ სასულიერო პირებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და უწმინდესს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
13:12 - გარდა კლასიკური მეთოდოლოგიისა, თავს ვუყრით ყველა კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული - მიხეილ სარჯველაძე
"მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე," - ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
მისი ინფორმაციით, ილია მეორეს მკურნალობის პროცესში ჩართული არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და რეანიმატოლოგები.
"ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება ამ საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული, იქნებ არსებობდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. ეს არის ჩვენი მცდელობის მიზანი. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, რეანიმატოლოგები, შესაბამისად, მათთვის კონსულტაციების გავლა არის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
12:52 - სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ პატრიარქის თანამოსაყდრე შიო მუჯირი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
"გამოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება ღვთის შეწევნით. გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, მის ზრუნვას და მის ჯანმრთელობას ჩვენზე," - განაცხადა მეუფე შიომ.
12:07 - კავკასიის მედიცინის ცენტრში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მივიდა
"დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, იმედი ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილი
11:41 - კავკასიის მედიცინის ცენტრში, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდა
"ყველას გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სიახლის თქმა არ შემიძლია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაძლიოს ეს პრობლემა. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კეთდება, რომ ეს მდგომარეობა დაიძლიოს. დამაიმედებელი განწყობაა, აქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება" - აცხადებს სახალხო დამცველი.
09:47 - "ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული" - მიხეილ სარჯველაძე
"ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ესაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ მომენტში, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იყოს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურადაა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ
08:40 - მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია - კლინიკის დირექტორი
"პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში, მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს," - განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ.
08:33 - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, 17 მარტს ღამით, კლინიკაში გადაიყვანეს
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს პატრიარქი, 17 მარტს ღამით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო კვლევა უტარდება. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გვიან ღამითვე ადგილზე - "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე.