155 წლის წინ საქართველოში მატარებლის საყვირის ხმა პირველად გაისმა - ორთქმავალი ფოთიდან ზესტაფონის მიმართულებით დაიძრა და ქვეყნის ისტორიაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო.
ქართულ საზოგადოებას საქართველოში პირველი სარკინიგზო რეისის შესახებ გაზეთმა "დროებამ" 1871 წლის აგვისტოში აცნობა. სტატიის ავტორი, "სკანდელის" ფსევდონიმით, ცნობილი პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძეა, რომელსაც რკინიგზის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს ჟეტონიც გადასცეს. ფოთი-ზესტაფონის მიმართულებით მატარებელი 1871 წლის 14 აგვისტოს გავიდა, პირველ მგზავრებს შორის კი კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვალი მიხაილ რომანოვი და ქართველი დიდგვაროვნები იყვნენ. 1872 წლის 10 ოქტომბერს მატარებლის საყვირის ხმა პირველად გაისმა თბილისშიც.
ორთქმავალი მატარებლით დაწყებული ისტორია თანამედროვე ელექტრომატარებლებით გრძელდება... დღეს ლიანდაგებზე მატარებლის ხმა თითქოს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასაც გვიყვება.
გიორგი კოპაძე მემანქანეა. გამოცდილი რკინიგზელი ამ გზას უკვე 45 წელია გადის, თუმცა ცვლილებები, რომლებიც ახლა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს, მის მრავალწლიან მეხსიერებასაც არ ახსოვს.
რკინიგზა მხოლოდ ვაგონი და ლიანდაგი რომ არ არის, ეს ყველაზე უკეთ თავად რკინიგზელებმა იციან. ორგანიზაცია ახლა 10 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. აქ თითოეული ადამიანი ერთი დიდი ჯაჭვის რგოლია. ჯაჭვის, რომელიც ქმნის ქვეყნის ეკონომიკას და ადამიანების ყოველდღიურობას. ნანა კიკნაველიძეც ერთი მათგანია - მატარებლის უფროსი გამცილებელი, 21 წელია დღის უმეტეს ნაწილს თბილისი-ბათუმის რეისზე ატარებს.
უსაფრთხოება და კომფორტი არის ის, რის გამოც მოქალაქეები, მათ შორის, ასობით ტურისტი, რკინიგზით მგზავრობას ირჩევენ. მათ თბილისი-ბათუმის რეისზე "კურიერი P.S."-იც დაემგზავრა. "შტადლერის" მარკის მატარებელს დედაქალაქიდან შავიზღვისპირეთში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაჰყავს.
რკინიგზაში დაწყებული მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი მგზავრობას უფრო სწრაფს და კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. იგეგმება 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვა, უკვე დაწყებულია არსებული მატარებლების სრული განახლებაც. ქვეყნის მასშტაბით განახლებული ლიანდაგები და ახალი, მრავალკილომეტრიანი სარკინიგზო ხაზები მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
თბილისიდან ბათუმში მატარებლით ჩასვლას უკვე ზაფხულიდან მინიმუმ ნახევარი საათით ნაკლებ დროში შევძლებთ. უახლოეს პერიოდში არსებულ რეისებს ახალი მიმართულებები დაემატება - თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი. იგეგმება ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის აღდგენაც - ე.წ. კუკუშკა მგზავრებს მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება.
უპრეცედენტო ცვლილებებია სატვირთო გადაზიდვების მიმართულებითაც. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, რკინიგზა 50 ლოკომოტივს და 1500 ვაგონს შეიძენს. დაგეგმილია ახალი სალოკომოტივო დეპოს მოწყობაც. ცვლილებების მიზანი სატვირთო გადაზიდვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდაა. კომპანიის გენერალური დირექტორი უკვე მიღწეულ შედეგებზეც საუბრობს - რკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო მისი წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა. ასევე, 30%-ით გაიზარდა მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, ქვეყნის გადაკვეთის დრო კი 20%-ით შემცირდა.
ეფექტიანი და სწრაფი რკინიგზის შექმნისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სამგზავრო და სატვირთო მიმართულებების სრული გაჯანსაღებისთვის, ათი წლის განმავლობაში 1,7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ცვლილებები, ერთი მხრივ, გააძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტში, მეორე მხრივ კი, რკინიგზას კიდევ უფრო სანდო და სტაბილურ კომპანიად აქცევს.
154 წლის წინ დაწყებული რკინის გზის ამბავი გვაჩვენებს, რომ საქართველოში მოძრაობა არ ჩერდება… და სანამ ლიანდაგებზე მატარებლის ხმა ისმის - ქვეყნის განვითარების ისტორიაც იწერება.