აჭარული ცეკვა, ფოლკლორი, ეროვნული სამოსი და ხალხმრავლობა - ეს შუამთობაა - დღესასწაული, რომელიც წარსულს აწმყოსთან აკავშირებს, ადგილი, სადაც ზღვა და მთა ერთმანეთს ხვდება, საუკუნოვანი ტრადიციები ზღვის დონიდან 1 900 მეტრზე, ბეშუმში, ცოცხლდება.
კურორტი სწორედ ამ დღეს აერთიანებს დიდსა და პატარას, ადგილობრივებსა და ტურისტებს. ამიტომ იქცა შუამთობა იმ იშვიათ დღესასწაულად, რომელსაც თავისი დანიშნულება არასდროს დაუკარგავს და თაობებისთვის შეუნარჩუნებია. დოღი დღევანდელი დღის მთავარი სანახაობაა. მხედრების შეჯიბრება, სიმამაცე და ოსტატობა ღირსეულის გამარჯვებით სრულდება.
შუამთობის განუყოფელი ნაწილია ჭიდაობა - აქტივობა, რომელიც მებრძოლი სულისა და სიძლიერის სიმბოლოა და ეროვნულ ტრადიციებსა და ფასეულობებს ერწყმის.
შუამთობაზე ნიშნობა დღემდე შენარჩუნებული ტრადიციაა.
ეროვნულმა დღესასწაულმა მთელი აჭარა გააერთიანა. სამზარეულო, ხელნაკეთი ნამუშევრები - ადგილობრივებმა მთიანი მხარის კულტურა ერთ სურათში წარმოაჩინეს.
სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ ადგილობრივი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტმა ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეროვნული ტრადიციების დაცვა ქვეყნის განვითარების წინაპირობაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარება მომდევნო წლებშიც პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა იმ გეგმის ნაწილია, რომელიც მომდევნო წლებში უნდა შესრულდეს. შედეგად, გაიზრდება აჭარის პოტენციალი, რაც ქვეყანას მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
შუამთობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც სათავეს მაღალმთიანი აჭარიდან იღებს და ყოველწლიურად აგვისტოს პირველ კვირაში აღინიშნება.