01 აგვისტო 2026,   12:47
ვრცლად
ქართული არმიის არსენალში არსებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა თბილისსა და ქვეყნის 20 ქალაქში - დღეს დამოუკიდებლობის დღემ ყველა ასაკის ადამიანი გააერთიანა

ყველა ასაკის ადამიანი დღეს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამ გააერთიანა. ქვეყნის მთავარ მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დასათვალიერებლად, მოქალაქეები ოჯახებთან ერთად მივიდნენ.

თავისუფლების მოედანზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში, ყველა მსურველს - საავიაციო, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო და საინჟინრო სისტემების, ასევე, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღის, სამედიცინო და სამთო აღჭურვილობის გაცნობისა და დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.

სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალში იყო "დელტას" მიერ წარმოებული "დიდგორის" სერიის მრავალფუნქციური ჯავშანმანქანები. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ეროვნული, თუ უცხოური ტექნიკის სანახავად დედაქალაქის გარდა მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეიკრიბნენ.

ბათუმი, ქუთაისი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, თუ ფოთი - საერთო ჯამში საქართველოს 21 ქალაქში, მთავარ მოედნებზე და ცენტრალურ ქუჩებზე შეკრებილ ადამიანებს ერთმანეთის მსგავსი სურვილები ჰქონდათ. ქვეყნის გამთლიანება და თავდაცვის ძალების სიმტკიცე. მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის კეთილდღეობის წინაპირობა მშვიდობის შენარჩუნებაა. ხანგრძლივი მშვიდობისთვის კი სათანადოდ აღჭურვილი შეიარაღებული ძალები აუცილებელია.

საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქში და სხვა ქალაქებში, წვიმიან, ღრუბლიან თუ მზიან დარში, დიდი თუ პატარა, დამოუკიდებლობის დღისადმი მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში ერთი მიზნით შეიკრიბა - კიდევ ერთხელ მადლობა გადაეხადათ ქვეყნის სამსახურში მყოფი პირებისთვის და იმ სიმშვიდისთვის, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის, ჯარისკაცები ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად უზრუნველყოფენ.

დღის ამბები