01 აგვისტო 2026,   06:02
ვრცლად
იმედისმომცემი შეხვედრა იყო, პოზიტიურად ვართ განწყობილები, რადგან პრემიერის მხრიდან ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი

პრემიერ-მინისტრთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობლების შეხვედრა დასრულდა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ 5 ივნისს კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელი ზაქარია გვიშიანი აცხადებს, რომ პრემიერთან შეხვედრა იმედისმომცემი იყო:

"ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილები, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები, ჩვენ უკვე ვხედავთ მზაობას რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას. თითოეული კითხვა იყო იმისკენ მიმართული, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან მართლაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. ოთხივე მედიკამენტზე იყო საუბარი, თუ რა გზებით შეიძლება აწარმოოს სახელმწიფომ მოლაპარაკება. იყო ამ ოთხივე მედიკამენტის ეფექტურობაზე საუბარი. ეს იმედისმომცემი შეხვედრა იყო, შემდეგი შეხვედრები კი კონკრეტიზაცია იქნება იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მედიკამენტების მისაღებად აუცილებელია," - აცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელი ზაქარია გვიშიანი. 

მთავრობის ადმინისტრაციაში მშობლებს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თითქმის 2 საათის განმავლობაში ხვდებოდა.

დღის ამბები