პოლიტიკოსი, რომელიც წლებია ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებს, ამტკიცებს, რომ ნარკორეალიზაცია სისხლისსამართლებრივად არ უნდა ისჯებოდეს. ზურაბ ჯაფარიძემ YouTube-ზე ერთ-ერთ პოდკასტში თქვა, რომ ე.წ. ბარიგების უფლებების ლობირება მისი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელია. "გირჩი" ამბობს, რომ მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ადამიანის თავისუფლების გამოხატულებაა, რომელიც არ უნდა ისჯებოდეს.
გარე ლობისტების დავალების უსიტყვო მორჩილება - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯაფარიძის განცხადების პათოსს. ირაკლი კობახიძის აზრით, ჯაფარიძე და მისი თანამოაზრეები, ე.წ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამ ფორმით გავრცელებას წლებია ცდილობენ, მიზანი კი ქვეყანაში ღირებულებითი სისტემის მანკიერი მიდგომებით შეცვლაა.
ჯაფარიძის იდეების ღიად გაზიარება დღეს მისივე კოალიციის წევრებმა და პოლიტიკურმა პარტნიორებმაც კი ვერ გაბედეს. თქვეს, რომ ე.წ. ბარიგობა მძიმე დანაშაულია, თუმცა მათი დამცველი კოლეგა არ გაუკრიტიკებიათ.
ზურაბ ჯაფარიძეს და მის იდეურ მოკავშირეებს ოპოზიციიდან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსებად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ მსგავსი მავნებლური იდეოლოგიის დაუფარავად ლობირება ოპოზიციის ლუსტრაციის მორიგი მაგალითია. ნარკორეალიზაციის ბუნებრივ მოვლენად გამოცხადება და მხარდაჭერა კი, "ოცნების" წევრების აზრით, ოპოზიციის ელექტორალური განულების ერთ-ერთი წინაპირობაა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საკუთარი პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებების შესახებ ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ნარკორეალიზატორების უფლებები ირღვევა და მათ დაცვას საკუთარ მისიად მიიჩნევს.