სასამართლოში, გვარამიას უსაზღვრო ფანტაზიით სავსე გამოსვლას მოვუსმინე. ეს იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები, რომლებიც იმდენად არათანმიმდევრული იყო, რომ გვარამია საკუთარ თავს, საკუთარ წარსულ განცხადებებსა და პოზიციებს ეწინააღმდეგებოდა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გვარამიას თითოეული განცხადება აჩენს განცდას, რომ ის ან რეალობას სრულად არის მოწყვეტილი, ან შეგნებულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ექსპერტი აცხადებს, რომ დღევანდელმა სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ველის ძირეული გაჯანსაღების აუცილებლობაში.
“არ მეგულება მეორე ადამიანი, რომელსაც თეთრზე, შავის მტკიცება, საკუთარი სიტყვების ასე მარტივად უარყოფა და წარსული განცხადებების დავიწყება ასეთი ჭკვიანური გამომეტყველებით შეეძლოს. მისი თითოეული განცხადება აჩენს განცდას, რომ ის ან რეალობას სრულად არის მოწყვეტილი, ან შეგნებულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
განსაკუთრებით ცინიკური მისი ცალკეული განცხადებები იყო, გვარამიას მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვია და საქართველოს რუსეთთან ვაჭრობა უნდა ჰქონდეს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ვაჭრობა თავისით ვითარდება. საინტერესოა, სად და როდის გაქრა პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც წლების განმავლობაში კოლექტიური ოპოზიცია ქადაგებდა, მათი მოთხოვნა იყო (ღია წყაროებში არაერთი განცხადება იძებნება) რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციები უნდა დაეწესებინა. დღეს სხვა რეალობაა? თუ უბრალოდ, როდესაც საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება უწევთ, პრინციპებიც და პოლიტიკური პოზიციებიც ეცვლებათ?
არანაკლებ აღმაშფოთებელია მისი შეფასება, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ხელისუფლება იყო. ეს უბრალოდ მიკერძოებული პოლიტიკური შეფასება კი არ არის, არამედ არის საზოგადოების შეურაცხყოფა, იმ საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ნაცების მმართველობის წლები, ძალადობა, წამება, ღირსების შელახვა და უსამართლობა.
გვარამია ასევე ამტკიცებს, თითქოს შეუძლებელია ზურა გირჩი ჯაფარიძეს სცოდნოდა, რომ ციხეში პატიმრებს აწამებდნენ. როდესაც ასეთი პოზიცია გესმის, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: გამოდის, წამება არსებობდა, მაგრამ იმდენად ეფექტიანად მალავდნენ, რომ პარტიის წარმომადგენელს შეუძლებელია ეს სცოდნოდა. ეს თავის გამართლება კი არა არის, არამედ კიდევ უფრო მძიმე კითხვების საფუძველია.
ასევე, გვარამიას განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენება ძალადობად არ უნდა შეფასდეს. საინტერესოა, როგორ უნდა შევაფასოთ ქმედება, რომლის დროსაც პიროტექნიკა პოლიციელების წინააღმდეგ გამოიყენება და ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის? საფრანგეთის მაგალითიც აჩვენებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით პიროტექნიკის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესოს, რადგან ის ძალადობრივი გამოხატვის ინსტრუმენტია, რაც მშვიდობიან პროტესტის ფარგლებს სცდება. პროტესტის უფლება არ ნიშნავს ძალადობისა და სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის უფლებას.
საერთო ჯამში, დღევანდელმა სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ველის ძირეული გაჯანსაღება აუცილებელია, ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ალტერნატივა და არა პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლის წარსული და აწმყო უამრავი დანაშაულით და კითხვებით არის სავსე,” - წერს დავით ჩიხელიძე.