12 ივნისი 2026,   22:22
ვრცლად
შაკირა, ასობით მოცეკვავე და სტადიონის ცენტრში აღმართული გიგანტური მსოფლიო თასი, მე-9 წუთზე გატანილი გოლი და 3 წითელი ბარათი - მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური სპორტული მოვლენა დაიწყო და დაიწყო იქ, სადაც ფეხბურთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - მეხიკოში. ისტორიული "აცტეკა" - სტადიონი, სადაც 1970 წელს პელემ ისტორიული ფინალი ითამაშა და სადაც დიეგო მარადონამ ლეგენდარული გოლი გაიტანა - გოლი, რომელსაც მოგვიანებით "ღმერთის ხელი" უწოდეს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად სამ ქვეყანას აერთიანებს - მექსიკას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას.

მაგრამ პირველი ემოცია, პირველი შოუ და სასტვენის პირველი ხმაც სწორედ მექსიკიდან გაისმა.

გახსნის ცერემონია ლათინოამერიკული კულტურის ელემენტებით იყო გაჯერებული.

როკი, რეგეტონი, კუმბია - "ესტადიო აცტეკა" პირველ თამაშამდე ერთ დიდ საკონცერტო სივრცედ გადაიქცა.

პირველ სასტვენამდე სცენაზე ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ ლათინოამერიკული მუსიკის ყველაზე ცნობილი სახეები - ბელინდა, დენი ოუშენი, ჯეი ბალვინი.

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე პირველად გამოჩნდა 48 ქვეყნის დროშა, რადგან ისტორიაში პირველად მუნდიალზე 48 ნაკრები მონაწილეობს. ეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატია.

ანდრეა ბოჩელიმ, კორეელმა ვარსკვლავმა ეჯეიმ და დევიდ გეტამ ტურნირის ოფიციალური ჰიმნი შეასრულეს.

გახსნის ცერემონიალის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი და ხმაურიანი მომენტი სალმა ჰაიეკის გამოჩენა გახდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც მექსიკის კულტურის ერთ-ერთ მთავარ სახედ ითვლება, "აცტეკას" სტადიონზე სპეციალური მიმართვით გამოჩნდა.

რამდენიმე წამით სტადიონი სრულად გაჩერდა - ათიათასობით გულშემატკივარი სალმა ჰაიეკს ოვაციებით შეხვდა.

და მომენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდებოდა - მსოფლიო ჩემპიონატის სცენაზე შაკირა კვლავ დაბრუნდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია 2006 წლიდან შაკირასთან ერთად იწერება. ლეგენდარული "Waka Waka"-ს შემდეგ კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ფეხბურთის მოყვარულებს სრულიად ახალი და განსხვავებული კომპოზიცია შესთავაზა.

ბურნა ბოისთან ერთად შესრულებული ამ ახალი ჰიტის მთავარი სათქმელი ბავშვებისთვის განათლებასა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მუსიკა ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების გახსნის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. ორგანიზატორებმა ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ მსოფლიოს პირველივე წუთებიდან მექსიკის ატმოსფერო ეგრძნო. თანამედროვე პოპ-კულტურა და მექსიკის ისტორიული სიმბოლოები - აცტეკური მოტივები, ტრადიციული კოსტიუმები, ცოცხალი დრამები და ფერები - ამ ყველაფერმა სტადიონი ნამდვილ საფესტივალო სივრცედ აქცია.

მუსიკალური და ცეცხლოვანი შოუს შემდეგ დადგა მთავარი მომენტი - მეხიკოს მთავარ სტადიონზე ფეხბურთელები გამოჩნდნენ და გაისმა სასტვენის პირველი ხმა. თამაში დაიწყო. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

მექსიკის შემდეგ საკუთარ შოუებს ამერიკის შეერთებული შტატები და კანადაც გამართავენ.

FIFA-მ უკვე დააანონსა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი კულტურული და მუსიკალური წარმოდგენა ექნება, რათა 2026 წლის მუნდიალი არა მხოლოდ ყველაზე დიდი, არამედ ყველაზე მრავალფეროვანი მსოფლიო ჩემპიონატიც გახდეს.

დღის ამბები