საფეხბურთო ციებ-ცხელებამ ოკეანის მიღმა სტადიონებიდან ჩვენს ოჯახებში გადმოინაცვლა. დადგა დრო, როცა ტელევიზორები ერთ არხზე ჩერდება, გამარჯვების გოლების მოლოდინში.
არხის ისტორიაში პირველად, პლანეტის უმთავრეს სპორტულ მოვლენას "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში უწყვეტად აშუქებს.
"რუსთავი 2-მა" პირველმა შესთავაზა მაყურებელს თავის დროზე მაღალი დონის ფეხბურთი და მისცა საშუალება, რომ ეხილა არაჩვეულებრივი მატჩები ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც "ჩემპიონთა ლიგას" გადასცემდა "რუსთავი 2" და ჩვენი არხი მაშინაც დებიუტანტი იყო. შევძელით და ძალიან ბედნიერები ვართ ყველა, რომ ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენებაში აღმოვჩნდით დებიუტანტები. HD ხარისხით უჩვენებს და მაუწყებლობს და ესეც განსაკუთრებული სიახლე გვაქვს არხზე", - განაცხადა "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო შუბლაძემ.
ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად, მაუწყებლობის ყოველდღიური რიტმი საფეხბურთო კალენდარს ერგება. შეიცვალა განრიგი, სტუდიები, გადაცემების ფორმატი.
"რა უნდა მოხდეს, რომ 9 საათიანი "კურიერის" დრო შეიცვალოს ამ არხზე? ალბათ, უნდა მოხდეს ის, რაც ახლა ხდება - იყოს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და დაემთხვეს ამ დროს მატჩები, რომლებსაც უბრალოდ ვერაფერი ვერ შეცვლის 19 ივლისამდე, ვიდრე ჩემპიონატი მიდის. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ბადეშიც ცვლილებები გვიწევს", - განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა.
მატჩების სტატისტიკა, გუნდების შემადგენლობები, ტაქტიკური დეტალები და რაც მთავარია სიხარულის ხმა - 8 ხმა ერთმანეთს შეცვლის.
ისტორიული გოლების, დაუვიწყარი წუთების ბედნიერების გაზიარება კომენტატორების ფრაზებად სამუდამოდ დარჩება.
კალათბურთიდან საფეხბურთო ხმების დიდ ოჯახში დებიუტანტია ნიკა გაბელია. თამაშების პარალელურად, გულშემატკივრებთან ერთად "დედაენის ბაღიდან" პირდაპირ ეთერში იმუშავებს.
მატჩებს სტუმრებთან ერთად, ლაშა დვალიშვილი აფასებს, პროგნოზები რთული, გამორჩეული მომენტების ანალიტიკა კი შესაძლებელია.
სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრები, ჩვენი არხის სხვადასხვა გადაცემის გამოცდილი წამყვანები, სპორტული მიმართულებით იმუშავებენ.
მაღალი სატელევიზიო ხარისხი, უწყვეტი ტრანსლაცია თვენახევრის განმავლობაში მაყურებელს ეკრანთან მიაჯაჭვებს.
მთავარი თამაშები წინაა, გამოკვეთილი ლიდერები, არაპროგნოზირებადი მატჩები, მანევრები, რომლებზეც თაობები ისაუბრებენ. 19 ივლისამდე გამარჯვების გზებს "რუსთავი 2" თქვენთან, ჩვენს მაყურებელთან ერთად გაივლის.