23 ივლისი 2026,   23:01
ვრცლად
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სინგაპურში - ორმხრივი შეხვედრები, მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები და ვაზიანის აეროპორტის პროექტი

არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაღალი დონის ვიზიტებს. სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში ვიზიტს დადებითად და ნაყოფიერად აფასებს. პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებისა და სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ირაკლი კობახიძე სინგაპურის პარლამენტის სპიკერს ესაუბრა. ითქვა, რომ საქართველოსა და სინგაპურის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი ურთიერთობები დადებითი დინამიკით ხასიათდება.

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი - საკვანძო სექტორებში თანამშრომლობის გეგმა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრისას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. 2026 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 9-ჯერ გაიზარდა. ყურადღება განსაკუთრებულად გამახვილდა სინგაპურში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის დიდ შესაძლებლობაზე.

სინგაპურში ვიზიტის მეორე დღე დატვირთული იყო ვიცე-პრემიერისთვისაც. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურელ კოლეგას შეხვდა.

საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ქვეყნის როლი რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით - შეხვედრებზე ლოგისტიკური ჰაბის განვითარების პერსპექტივა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო.

საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მაქსიმალური გამოყენება რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ეს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს შეუძლია გახდეს ჰაბი სხვადასხვა ქვეყნისთვის, შესაბამისად, ახლა საჭიროა ამ კუთხით არსებული რესურსის სრულყოფილად გამოყენება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის სინგაპურში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი გუშინ დაიწყო. პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან გამართული შეხვედრების პარალელურად, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ჩანგის აეროპორტების ჯგუფის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კი გაირკვა, რომ საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ვაზიანში დაგეგმილი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროცესში.

დღის ამბები