საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა მამაკაცი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ ტერიტორიაზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.