22 ივნისი 2026,   20:28
ვრცლად
ჯეი დი ვენსი: აშშ-ირანის მოლაპარაკებებმა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებისთვის "კარგი საფუძველი" შექმნა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში ირანის ოფიციალურ პირებთან გამართულმა შეხვედრებმა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებისთვის კარგი საფუძველი შექმნა, მიუხედავად ჰორმუზის სრუტესა და ლიბანის ირგვლივ არსებული დაძაბულობისა, - წერს REUTERS.

მედიატორი ქვეყნების - პაკისტანისა და ყატარის განცხადებით, მხარეები, რომლებიც გასულ კვირას გაფორმებულ დროებით შეთანხმებაზე დაყრდნობით მუშაობენ, შვეიცარიის  კურორტ ბიურგენშტოკში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ საგზაო რუკაზე, რაც მომდევნო 60 დღის განმავლობაში მუდმივი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს.

ვიცე-პრეზიდენტ ვენსის განცხადებით, თეირანი დათანხმდა ქვეყანაში ბირთვული ინსპექტორების დაშვებას, ასევე უცხოეთში გაყინული ირანული აქტივების მართვისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის მექანიზმების შექმნას.

მედიის ცნობით მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა, თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხოლოდ იმ ობიექტებზე უშვებდა, რომლებიც თავდასხმის დროს არ დაზიანებულა, მიმდინარე წლის 28 თებერვალს აშშ-ის და ისრაელის დარტყმებით დაწყებული ომის შემდეგ კი სააგენტომ ინსპექტირება სრულად შეაჩერა და მას შემდეგ პროცესი აღარ განახლებულა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, იყო მცირე მუქარები და მცირე წუწუნი, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები გაგრძელდა და მხარეებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თეირანმა მიაღწია შეღავათებს ნავთობისა და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტზე, უცხოეთში გაყინული აქტივების ნაწილის გათავისუფლებასა და ირანის აღდგენისა და განვითარების გეგმის გაშვებას.

ვენსის განმარტებით ჯარედ კუშნერმა შეიმუშავა პროცესი, რომლის მიხედვითაც, აშშ და ყატარი გააკონტროლებენ ირანის გაყინულ ფონდებს, რაც ამ თანხების მხოლოდ ამერიკული სიმინდის, სოიოსა და ხორბლის შესაძენად დახარჯვას უზრუნველყოფს.

ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა კი სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დისკუსია პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა და პირველი რაუნდი წარმატებით დასრულდა.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თეირანმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა დაიწყო, რასაც აშშ-ის მხრიდან ირანის პორტების ბლოკირება მოჰყვა, თუმცა დროებითი ზავის გაფორმებისა და ორშაბათს გაკეთებული ერთობლივი განცხადების შემდეგ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 80 დოლარს ჩამოსცდა.

მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებამდე გაავრცელდა დონალდ ტრამპის სიტყვები, სადაც ის ირანის ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ სრუტის კვლავ ჩაკეტვის შემთხვევაში მათ ქვეყანა აღარ ექნებოდათ, რის შემდეგაც ირანულმა დელეგაციამ დარბაზში დაბრუნებაზე უარი თქვა და კომუნიკაცია მედიატორების საშუალებით გაგრძელდა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების დასრულებას, მათ შორის ლიბანშიც. მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა აშშ ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და შაბათ-კვირას მოძრაობა კვლავ შეაჩერა, გემების გადაადგილების მონაცემებმა აჩვენა, რომ სრუტეში ორმა ტანკერმა გაიარა, რაც მოძრაობის აღდგენის ნიშანია.

ომს ახლო აღმოსავლეთში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად ირანსა და ლიბანში, სადაც ჰეზბოლამ ირანის მხარდასაჭერად ცეცხლი მიმდინარე წლის 2 მარტს გახსნა. შაბათი დღის შემდეგ ლიბანში ძალადობის ტალღამ იკლო, ისრაელის ბოლო ავიაიერიში შაბათს საღამოს განხორციელდა, დაძაბულობის შემცირების ფონზე კი ისრაელის არმიამ ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლებებში უსაფრთხოების შეზღუდვები გააუქმა.

ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელის სამხედრო ესკალაციის შეჩერების საკითხები ტელეფონით განიხილა ჯეი დი ვენსთან, ყატარის პრემიერ-მინისტრთან და ჯარედ კუშნერთან.

პარალელურად, ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელი არ არის ომის დიპლომატიური გზით დასრულების წინააღმდეგი, თუმცა ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს, რომ თეირანმა მიღებული ფინანსები სამხედრო მიზნებისთვის ან რეგიონული დაჯგუფებების დასაფინანსებლად არ გამოიყენოს.

დღის ამბები