ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის გაყიდვის ნებართვა გასცა და ათწლეულების განმავლობაში მოქმედი სანქციები შეამსუბუქა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი თეირანთან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობას უკავშირდება, რის სანაცვლოდაც ირანმა ბირთვულ ინსპექტირებასა და ჰორმუზის სრუტეში გემების თავისუფალ ტრანზიტზე აიღო ვალდებულება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დროებითი, 60-დღიანი ნებართვა გასცა, რომლის მიხედვითაც ირანს ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება, მიწოდება და გაყიდვა 21 აგვისტომდე შეეძლება.
ლიცენზიის თანახმად, ირანული ნავთობის იმპორტი აშშ-ში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისი გაყიდვის ან გადმოტვირთვის პროცესის დასასრულებლად. აღსანიშნავია, რომ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ვაშინგტონს ირანული ნავთობის მნიშვნელოვანი იმპორტი აღარ განუხორციელებია.
"შვეიცარიაში მიმდინარე პროდუქტიული მოლაპარაკებების შესაბამისად, ირანმა აიღო ვალდებულება ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ და ღია ტრანზიტზე, ასევე თავის ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების დაშვებაზე", - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.
გასულ კვირას გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა გამონაკლისების დაშვებას ირანული ნავთობის ექსპორტსა და ყველა თანმდევ მომსახურებაზე, მათ შორის საბანკო ტრანზაქციებზე, დაზღვევასა და ტრანსპორტირებაზე. ირანისთვის თანხების გადახდა აშშ დოლარში იქნება შესაძლებელი, თუმცა აღნიშნული ლიცენზია არ ვრცელდება კუბაზე, ჩრდილოეთ კორეასა და ყირიმზე.
მედიატორების განცხადებით, ვაშინგტონმა და თეირანმა მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე „იმედისმომცემ პროგრესს“ მიაღწიეს.
ეს დისკუსია მიზნად ისახავს აპრილიდან მოქმედი მყიფე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ მინიმუმ 60 დღით გახანგრძლივებას და საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას.
მიღწეული დროებითი ზავისა და ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, ნავთობის ფასი საომარი მოქმედებების დაწყების პერიოდიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.