საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში გრძელდება. ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა, სადაც შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შედგა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
"საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პირად წვლილს ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხების ძირითად ინტერესებს და ქმნის მყარ საფუძველს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. მსურს აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი. საქართველო განაგრძობს შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის განმტკიცების მიმართულებით", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა.