ოპოზიციის აქტივისტმა სასამართლოს შენობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა. თამარ გიორგაძემ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა გიორგი სარაჯიშვილიც. მოქალაქემ, სოციალურ ქსელში, პოლიტიკოს გოგი წულაიას, გინების შემცველი სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ მას 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შალვა ნათელაშვილის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე, სასამართლოში დღეს მურმან ოთიაშვილი წარსდგა. მოქალაქემ პოლიტიკოსს სოციალურ ქსელში ღირსების შემლახველი კომენტარი დაუწერა. სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს, თავად ოთიაშვილი კი ჩადენილ ქმედებას ნანობს.
პირველ ივლისს იმსჯელებს სასამართლო ციური ადეიშვილის საქმეზე, რომელმაც ირინა ფერაძეს, გარეგნობასთან დაკავშირებით, შეურაცხყოფა მიაყენა. 9 ივლისს, ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოში განიხილავენ მოქალაქე ზაზა შარიქაძის მიერ დეპუტატ ნინო წილოსანის მიმართ გინების ფაქტს.
13 ივლისს, წყალტუბოს მაგისტრანტ სასამართლოში გაგრძელდება ბონდო იობიძის საქმე, რომელმაც თეა წულუკიანსა და ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, 20 აგვისტოს კი ხაშურის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდება ლევან ზუმბაძისა და იოსებ ქვრივიშვილის საქმეები. მოქალაქეებმა პატივისა და ღირსების შემლახველი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი გამსახურდიასა და გოგა ხაინდრავას.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეპარტამენტის საქმიანობა საჯარო სივრცეში ჯანსაღი დისკუსიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა პირველ ივნისს დაიწყო. დეპარტამენტმა უკვე 100-ზე მეტი საქმე შეისწავლა. სპეციალური გუნდი ინდივიდუალურად, დაზარალებულის მხრიდან მიმართვის გარეშე იკვლევს საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელში, გაკეთებულ შეურაცხყოფის ფაქტებს და, მომავალში მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, სასამართლოს მიმართავს.