30 ივნისი 2026,   00:54
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - შიდაპარტიული კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" და ყოფილი თავმჯდომარის პროტესტი ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ

მიხეილ სააკაშვილმა შავით თეთრზე და გარკვევით დაწერა, რომ მის მიერ გადაყენებულ თავმჯდომარესთან მხოლოდ მეგობრობის რეჟიმში რჩება. თავად ბოკუჩავას კი მეგობრობაც აღარ სურს მის სავარაუდო ადგილმონაცვლესთან. ამაზე მეტყველებს დღეს ოპოზიციის შეკრების ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური თავმჯდომარის დაგვიანებით მისვლაც. დრო წინასწარ ცნობილი და საჯარო იყო, თუმცა ლიდერზე გაბრაზებული თინა ბოკუჩავა, დანიშნულების ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ტერიტორია ნანუკა ჟორჟოლიანმა დატოვა.

ბოკუჩავამ პოზიცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა იძულებით გადააყენა. არადა, სწორედ ის იყო პირველი, ვინც, სააკაშვილზე თავდასხმის გამო, ყოფილ ნაციონალებთან წითელი ხაზები გაავლო და კატეგორიულად თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტი-მიშას პოზიციებს ასხივებს. დღეს, როდესაც იმავე სააკაშვილის ფავორიტი აღარ არის, მიიჩნევს, რომ დემარში შეცდომაა, რაც სააკაშვილის პარტიის უმრავლესობის პოზიციას სრულად ეწინააღმდეგება.

ისტორიას გვარამიას მრავალწლიანი კავშირი ახსოვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", თუმცა სააკაშვილის გუნდიდან წლების წინ წასული ყოფილი პროკურორი ამტკიცებს, რომ თავდასხმებზე, შეურაცხყოფებსა და ოპოზიციის გაერთიანების დაშლაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია.

"ნაციონალები" ირწმუნებიან, რომ ყოფილი ნაციონალების ხისტი და უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და თავდასხმების მთავარი მოტივაცია სწორედ სააკაშვილის პარტიის და მისი ოპოზიციასთან ურთიერთობის დაზიანებაა.

მმართველი გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია ერთ პოლიტიკურ ენაზე საუბარს ვეღარ შეძლებს - ამის მიზეზი გარე დირექტივებია, რომელმაც, სააკაშვილის პარტიასთან ერთად, მისი მოკავშირე ძალებიც სრულად დააზიანა.

შიდა გადაადგილებები და გავლენებისთვის ბრძოლა "ნაციონალურ მოძრაობაში" უახლოს 10 დღეში დაიწყება, თუმცა არ არის გამორიცხული, ამ პროცესმა სააკაშვილის ფრაგმენტებად ქცეული პარტიის ფრაგმენტაცია კიდევ ერთხელ გამოიწვიოს.

დღის ამბები