რეგიონების შემდეგ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები თბილისში შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა. 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, შეხვედრის მონაწილეები ყველა აქტუალურ საკითხს შეეხნენ. პირველი შეკითხვები საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციას და პოლიტიკურად მნიშვნელოვან თემებში ახალგაზრდების ჩართულობას შეეხებოდა.
განათლების რეფორმა და მეცნიერული მიმართულების გაძლიერება - ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნით ღონისძიებაზე შეკითხვები შეეხო იმ თემებსაც, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე აისახება.
დასაქმების სისტემა იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელეს. კითხვები ეხებოდა სტაჟირების პროგრამებსა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას.
დასაქმების პარალელურად, ყურადღება გამახვილდა ანაზღაურების პოლიტიკაზეც. ახალგაზრდები დაინტერესდნენ რა პერსპექტივები არსებობს ამ მიმართულებით, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით.
დასკვნითი თემა სპორტს შეეხო. კითხვები დაისვა, თუ რა სახის ნაბიჯების გადადგმა იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, ქვეყნის მასშტაბით, 10 რეგიონში გამართეს მსგავსი შეხვედრები, დღეს კი რიგით მეთერთმეტე შემაჯამებელ კონფერენციას დედაქალაქმა უმასპინძლა.
ორგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, რომ, საზოგადოებასთან დიალოგის აუცილებლობის გათვალისწინებით, კომუნიკაციები მომავალშიც გაგრძელდება.