30 ივნისი 2026,   19:33
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სასამართლოებში პროცესები გრძელდება - დღეს შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო 6 პირი დაჯარიმდა

თბილისი, ქუთაისი, გურჯაანი - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე პროცესები დღესაც ჩატარდა. საჯარო სივრცეში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების არაერთი ავტორი მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა ნოდარ რაქვიაშვილი. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დგინდება, რომ ბრალდებულმა შეურაცხმყოფელი კომენტარი სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, გინების ადრესატი კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია იყო.

2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ქუთაისის სასამართლომ გიორგი რუსიას. ბრალდებულმა Facebook გვერდზე შეურაცხმყოფელი კომენტარი ეკონომისტ სანდრო შარაშიძის მისამართით დაწერა.

რეგიონების გარდა, სასამართლო პროცესები გაიმართა დედაქალაქშიც. მოსამართლემ დღეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის გადახდა დააკისრა გიორგი მელითაურს.

მაქსიმალური ოდენობის ჯარიმა - 3 000 ლარი დააკისრა მოსამართლემ მაკა ბახტაძეს, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა გარდაცვლილ გიგა ავალიანს და მის დედა ეკა კუპატაძეს მიაყენა. ადმინისტრაციული სამართალწარმოება კი ახლად შექმნილმა დეპარტამენტმა ეკა კუპატაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

3 000 ლარით დაჯარიმდა ნატალია ფერაძე, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილმა შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილს მიაყენა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობასა და მისი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ამოცანა გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული აგრესიისა და სიძულვილის დასრულებაა.

ახლად შექმნილი სამმართველოს მუშაობიდან ზუსტად 1 თვე გავიდა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ამ დროისთვის 150-ზე მეტი სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები