04 ივლისი 2026,   01:03
ვრცლად
EUobserver: ევროპული კლიმატური ამბიციები წნეხის ქვეშ - აშშ-ის კონგრესი ფონ დერ ლაიენს მეთანის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში მეთანის იმპორტის წესების გარშემო დაპირისპირება მწვავდება.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის 12-მა წევრმა ქვეყანამ ევროკომისიაზე ზეწოლა განახორციელა, რათა ბლოკის მეთანის იმპორტის წესები შეეჩერებინა, ამერიკელმა კანონმდებლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, პრინციპული პოზიციის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.

1 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელსაც კონგრესის გარემოსდაცვითი კოალიციის ვიცე-თავმჯდომარე შონ კასტენი და მასთან ერთად ოთხი კონგრესმენი აწერს ხელს, ხაზგასმულია, რომ მეთანის რეგულაციების შენარჩუნება ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გლობალური კლიმატური მიზნებისთვის არსებითია.

კანონმდებლები მოუწოდებენ კომისიას, უზრუნველყოს რეგულაციების დროული იმპლემენტაცია და შეინარჩუნოს ამბიციური მიზნები.

ბოლო პერიოდში ნავთობისა და გაზის ამერიკული კომპანიები, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტიურად ლობირებენ ევროკავშირში მეთანის რეგულაციების შესუსტებას.
მათმა ძალისხმევამ ევროპელ პოლიტიკოსებში გარკვეული მხარდაჭერაც მოიპოვა. გასულ პარასკევს, ლუქსემბურგში გამართულ ენერგეტიკის საბჭოზე, ჩეხეთის ლიდერობით მოქმედმა ჯგუფმა, მათ შორის ნიდერლანდებმა, იტალიამ, პოლონეთმა და ბელგიამ, კომისიას მოსთხოვა, რომ რეგულაციის იმპორტის დებულებები სამი წლით შეეჩერებინათ, მიზეზად კი სამართლებრივი გაურკვევლობა და მიწოდების რისკები დაასახელეს.

აშშ-ის კონგრესმენები ოპონენტების ამ ნარატივს არ იზიარებენ და ეყრდნობიან ნორვეგიელი ანალიტიკოსების, Rystad Energy-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ მეთანის რეგულაციები ფასების ზრდას ან მიწოდების დეფიციტს იწვევს.
კვლევის თანახმად, მომავალ წელს ევროკავშირში გაზის მიწოდება შესაძლოა მოთხოვნას სამჯერაც კი აღემატებოდეს, თუმცა მოგვიანებით ანალიტიკურმა ჯგუფმა განმარტა, რომ მათ არ შეუსწავლიათ რისკი იმისა, რომ ზოგიერთმა მომწოდებელმა შესაძლოა სამართლებრივი გაურკვევლობის გამო მარშრუტები შეცვალოს.

კონგრესის დელეგაცია, რომელიც ბრიუსელსა და სტრასბურგში ივნისის შუა რიცხვებში სტუმრობდა, ევროპელ პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებს ძალიან ნაყოფიერად აფასებს. მათი ინფორმაციით, მეთანის რეგულაცია იქცა ევროპის უნარის განმსაზღვრელ გამოცდად - შეინარჩუნოს ამბიციური კლიმატური პოლიტიკა გეოპოლიტიკური და კომერციული ზეწოლის პირობებში. კანონმდებლები აცხადებენ, რომ მომდევნო კვირებში ამ საკითხზე აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა მოსალოდნელი.

დღის ამბები