07 ივლისი 2026,   22:25
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან და ლონდონის საფონდო ბირჟის წარმომადგენელთან საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ტენდენციები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდსა და ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკური ტენდენციები, ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მზარდი დინამიკა, მათ შორის, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ბოლო წლებში ქართული კომპანიების გააქტიურება კაპიტალის ბაზარზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გავლენას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ცალკეულ სექტორებში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს ბიზნეს სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა, რასაც განაპირობებს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ეფექტიანი რეფორმები, ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები და სწორი ინსტიტუციური განვითარება, მათ შორის, კაპიტალის ბაზრის მიმართულებით.

შეხვედრაში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

დღის ამბები