07 ივლისი 2026,   20:52
ვრცლად
გახარიას გუნდის წევრმა წამოიწყო კონფლიქტი, თუ ცდილობენ წუწუნით თავი მსხვერპლის როლში ჩაიყენენონ, ძალიან ცდებიან - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას, მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გახარიას გუნდის წევრმა თავად წამოიწყო კონფლიქტი.

"მე მგონი ძალიან მომაბეზრებელია მათი ეს დამოკიდებულება. გასაგებია, რომ ის ინციდენტი, რაც პარლამენტში მოხდა არ იყო კარგი. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების თვალში ეს არის კარგი. თავადაც კარგად იციან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. სწორედ მათი ფრაქციის წევრის უღირსმა საქციელმა მიიყვანა ეს ყველაფერი იმ წერტილამდე, როდესაც, სამწუხაროდ, კონფლიქტი წარმოიშვა.
ასე, რომ საკუთარ დაშავებულს თუ ცდილობენ, რომ ზედმეტი წუწუნით რაიმენაირად გამოასწორებენ და თავს მსხვერპლის როლში ჩაიყენებენ, ძალიან ცდებიან. არანაირი მსხვერპლი ისინი არ არიან. მათი ფრაქციის წევრმა წამოიწყო ეს კონფლიქტი. სხვათა შორის, დიდი ხანია არ მომხდარა საქართველოს პარლამენტში ამგვარი ინციდენტი, სამწუხაროა, რომ მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი თავად გაერკვეს ამ საკითხში იმ მხრივ, რომ პარლამენტის წევრებს შორის ურთიერთობები არ მივიდეს ასეთ დაძაბულ წერტილამდე. საპარლამენტო სხდომები, ეს არის სპეციფიკური სივრცე, ეს არის კონსტიტუციური ფორუმი, სადაც ხალხის წარმომადგენლები მსჯელობენ და იღებენ კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს. აქ ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან არ არის სწორი," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები