09 ივლისი 2026,   02:11
ვრცლად
კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ფულის გამოძალვით იყო დაკავებული და ფინანსურ დავებს ქურდული გარჩევებით აგვარებდა - სპეცოპერაციის შედეგად 29 პირი დააკავეს, კიდევ სამს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

დამცინავი სიტყვებით ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, მათთან დასახმარებლად მისულ მოქალაქეებზე საუბრობდნენ, იმ პირებზე, რომლებსაც ფინანსური დავის გადაწყვეტის სანაცვლოდ დიდი თანხას გამოსძალავდნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს გეგმა შემუშავებული ჰქონდათ და ე.წ. მსხვერპლებიც წინასწარ ჰყავდათ შერჩეული. მოქალაქეს პირობას აძლევდნენ, რომ ყველა სახის ფინანსურ დავას მოუგვარებდნენ, თუმცა ამისთვის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებს კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდათ. დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეებს თანხა დათქმულ დროს უნდა მიეტანათ.

თუ ვადები დაირღვეოდა, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადადიოდნენ, აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს, მოდავე მხარეებს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ კი ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. ჰქონდათ დაშინების კონკრეტული მეთოდები.

მუქარა ვერ შეასრულეს და ვერც კრიმინალური მეთოდებით ფინანსური დავები გადაჭრეს. მალევე მათ კვალზე სამართალდამცველები გავიდნენ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, სხვადასხვა მისამართებზე, ერთდროულად სპეცოპერაციები მიმდინარეობდა. დაკავებულია 29 პირი. დანაშაულის ფაქტზე ბრალი 3 პირს დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთ- ერთი, ე.წ. კანონიერი ქურდია. ბესიკ ჯაფარიძე, მეტსახელად ბესო "ნემოი", ჯგუფის ლიდერი იყო, რომელიც ფინანსური დავების მოგვარებაში საზღვარგარეთიდან ერთვებოდა.

საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, ერთ-ერთი დავის მოგვარებაში თანხის დიდ ნაწილს ითხოვდა. ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ ბესო "ნემოი", საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს მუდმივად უკავშირდებოდა ტელეფონით და აფრთხილებდა, რომ მის გარეშე არცერთი საკითხი არ გადაეწყვიტათ.

ე.წ. კანონიერი ქურდის ბესიკ ჯაფარიძის დავალებებს ორგანიზებული ჯგუფი ზედმიწევნით ასრულებდა. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები - "ტარასა", "სონღულა", "ბუჭოვიჩი", "ლესგოვიჩი", "კირპიჩა" და "დალაქი", ქურდულ გარჩევებს სწორედ ბესო "ნემოის" მითითებებით აწყობდნენ.

პოლიციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ფაქტზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალიც აიყვანეს. ყველა დაკავებული ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

იყვნენ თუ არა დანაშაულებრივ სქემაში სხვა პირებიც ჩართულები, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა, ბრალდებულთა რიცხვიც გაიზარდოს.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. 3 დაუსწრებლად, მათ შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულების სახლებიდან პოლიციამ დიდი რაოდენობით უკანონოდ ნაყიდი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

დღის ამბები