27 ნოემბერი 2026,   19:28
ვრცლად
თბილისის განვითარების ფონდმა გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დაასრულა - პროგრამის ფარგლებში სრულად გარემონტებული ბინებით 18 ოჯახი დაკმაყოფილდება

ნინო ქვლივიძე საკუთარ ბინაში ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. სახლი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ავარიული იყო, დღეს სრულიად შეცვლილია. საფრთხის შემცველი ძველი შენობა თანამედროვე კორპუსით ჩანაცვლდა.

დავით გამრეკელის ქუჩის 6 ნომერში მცხოვრები 18 ოჯახისთვის ცვლილებები ორი წლის წინ დაიწყო, როცა ავარიული კორპუსში მცხოვრებმა ოჯახებმა პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის მერიას მიმართეს. დადებითი პასუხი მალევე მიიღეს. მშენებლობის დასრულებამდე კი დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყვეს. დღეს, ისინი ახალ ბინებში ბრუნდებიან.

შეთანხმება გამრეკელის ქუჩის მოსახლეობასა და მერიას შორის 2 წლის წინ შედგა. მალევე სამშენებლო კომპანია დაინტერესდა და კორპუსის დემონტაჟიც დაიწყო. ძველი, ოთხსართულიანი კორპუსის ადგილას, 8 სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა დათქმულ ვადებში მთლიანად დასრულდა.

ავარიული სახლების ჩანაცვლების მერიის პროგრამის ფარგლებში, უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. ამ დროისთვის ახალი ბინა უკვე 90 ოჯახს გადაეცა. დასასრულს უახლოვდება სამგორის რაიონში მიმდინარე მშენებლობაც, რომელიც ახალ წლამდე დასრულდება. პარალელურად, მშენებლობა გრძელდება კიდევ 350-მდე მოქალაქის დასაკმაყოფილებლად. მიზანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, ქალაქის იერსახის გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობაა.

თბილისელებს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა 2022 წლიდან შეუძლიათ. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადებით მერიას უნდა მიმართონ.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები