27 ნოემბერი 2026,   17:34
ვრცლად
დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის - ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა"

ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" ბათუმში, "ბეშიქთაშთან"მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

საფეხბურთო კლუბი მადლობას უხდის საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და მათი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის:

"გვსურს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში.

დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს, რუვიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ. განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე.

და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველანი გულითად მადლობას ვუხდით ყველას,"- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბათუმში "ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს გულშემატკივრები თამაშის მსვლელობისას ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

უთანხმოება ჯერ ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სტადიონზეც გადაინაცვლა. აგრესიულად განწყობილმა გულშემატკივრებმა სტადიონზე არსებული სკამები და სხვა ინვენტარი დააზიანეს. არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 პოლიციელი.

დაპირისპირების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. შეგახსენებთ, რომ მატჩი "ბეშიქთაშის" მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლების რეკომენდაციით უეფას აცნობეს, რომ უსაფრთხოების რისკების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.

უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე - ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები