27 ნოემბერი 2026,   18:32
ვრცლად
ასეთი ფაქტები არაერთ ქვეყანაში გვინახავს, აქედან გამომდინარე აღნიშნული ქმედების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორი და არალოგიკურია - ზურაბ რურუა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე

ბათუმში მომხდარი ინციდენტის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - მათ საქმეებზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. თურქი ქომაგების მხრიდან ძალადობრივი მოვლენების დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით დაშავდა უწყების 4 თანამშრომელი.

მინისტრმა მასობრივი არეულობის თავიდან აცილებისთვის და შესაბამისი ღონისძიებების ეფექტურად გატარებისთვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. ბათუმში მომხდარ ინციდენტს ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები მოყვა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპონენტების განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი რეალური მიზნები, რომ საქართველოს გულშემატკივრობის ნაცვლად ისინი მზად არიან პოლიტიკური ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყანაც კი დააზიანონ.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა აცხადებს, რომ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორია.

"ასეთი ფაქტები ჩვენ გვინახავს არაერთ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ქმედების რაღაც პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორი და არალოგიკურია. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ახლა ოპოზიციის მხრიდან ბუნებრივია გახდება რაღაც პატარა სპეკულაციის საგანი.

მათ უნდათ, რომ დააკნინონ ნებისმიერი ქმედება, გინდ ხელისუფლების, გინდ სპორტის მიმართ. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არაქართული ნარატივებით აზროვნებენ, ქართული აზროვნება და ეროვნულობა საერთოდ არ გააჩნიათ მათ. აი ეს არის ძალიან დიდი მინუსი მათი და დამღუპველია ზოგადად, რომ ასეთი ადამიანები გვყავს, რომლებსაც უნდათ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ,"- აცხადებს რურუა.

დღის ამბები