სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია: სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ორი წელი პირობითი მსჯავრია, ერთწლიანი შინაპატიმრობა კი ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებას ითვალისწინებს, ასევე ჯარიმა 100 000 ევროს ოდენობით. მარინ ლე პენი მოსამართლემ ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივი გამოყენების საქმეზე დამნაშავედ ცნო.
ლე პენს 45 თვით არჩევით თანამდებობაზე კენჭისყრის უფლებაც ჩამოერთვა. თუმცა, რადგან მსჯავრის ათვლა გასულ წელს დაიწყო და ამ ვადის უდიდესი ნაწილი პირობითია, ოპოზიციონერს 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.
"ეროვნული გაერთიანების" ლიდერის გადაწყვეტილებას საერთაშორისო მედია ეხმაურება. როგორც "პოლიტიკო" წერს, ლე პენის კანდიდატურამ ბრიუსელში იმედგაცრუება გამოიწვია, რადგან ევროკავშირში იმედოვნებდნენ, რომ ის გზას ახალგაზრდა, უფრო "ზომიერ" თანაპარტიელ ჟორდან ბარდელას დაუთმობდა. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ლე პენის პრეზიდენტობა ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის ევროპულ პროექტს, განსაკუთრებით კი, ბიუჯეტისა და თავდაცვის საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას.
მარინ ლე პენის საქმეზე გამოტანილ განაჩენს და პრეზიდენტის კანდიდატურას ეროვნულ ასამბლეაში საფრანგეთის მმართველი და ოპოზიციური პარტიების კანონმდებლები აფასებენ. ეროვნული ასამბლეის მემარჯვენე და მემარცხენე ფრაქციების დეპუტატები მედიასთან "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზეც საუბრობენ.
მარინ ლე პენის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე 2004-2016 წლებს ეხება. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პერიოდში ევროპარლამენტის სახსრები საფრანგეთში "ეროვნული გაერთიანების" თანამშრომლების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. გასულ წელს ამ საქმეზე მარინ ლე პენთან ერთად დამნაშავედ ცნეს პარტიის 24 ყოფილი ევროპარლამენტარი, მათი თანაშემწეები და ბუღალტრები.