09 ივლისი 2026,   02:18
ვრცლად
პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში - მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს როლსა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ეკონომიკური განვითარების ტემპი, სავაჭრო პოტენციალი და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჟენევაში გამართული შეხვედრების დროს გამახვილდა ყურადღება. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, შვეიცარიაში ვიზიტისას არაერთხელ აღინიშნა საქართველოს როლი და მნიშვნელობა შუა დერეფნის პროექტის კონტექსტში.

გაეროს გენერალური მდივანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. ანტონიო გუტიერეშთან საუბრის თემები გლობალური უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოსა და გაეროს შორის არსებული ურთიერთობის საკითხები იყო. საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა იყო განხილვის თემა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დროს. საქართველოს ორგანიზაციასთან 26-წლიანი პარტნიორობა აკავშირებს. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი.

ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავება იყო საუბრის მთავარი თემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორობის შემდგომი განვითარება.

მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს მიერ დაფუძნებულ და ორგანიზებულ გლობალურ დიალოგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მართვას ეხებოდა. ღონისძიებას, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა, 93 ქვეყნის ლიდერი და 1500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. პლატფორმის მიზანია მთავრობების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების როლის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის სწორად მართვის პროცესში.

დღის ამბები