09 ივლისი 2026,   02:18
ვრცლად
გარდამავალი ეტაპი თუ კრიზისის გაღრმავება - დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" და სააკაშვილის ახალი დირექტივები ციხიდან

გაუქმებულია კანდიდატები, გაუქმებულია არჩევნები - "ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისს გარდამავალი ეტაპი დაარქვეს, ყრილობას გვერდი ვერ აუარეს და დროებითი მართვის ორგანოს შექმნა მოიფიქრეს. იქმნება რეფორმატორთა საბჭოც, რომლის ხელმძღვანელიც თავად სააკაშვილი იქნება და არა ის, ვინც პარტიაში სწორედ რეფორმატორის სტატუსით მივიდა. ნანუკა ჟორჟოლიანს მხოლოდ აღმასრულებელი მდივნის პოზიცია შეხვდა. მითითებები ლიდერმა ახალი წერილით გასცა, რომლითაც უკვე დღეიდან, უფლებამოსილების ვადაგასულ მენეჯმენტს აცნობა, რომ თანამდებობაზე მხოლოდ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს - ლევან ხაბეიშვილს ტოვებს.

არის თუ არა პარტიის შესაძლო გაუქმება საბაბი, გადაიფაროს რეალური მიზეზი, რომ დასახელებული კანდიდატი ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა?! ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, უარს არ ამბობს პარტიის შიგნით ფუნდამენტური გარდაქმნის პროცესში, პარტიის გარედან ჩაერთოს.

არადა, სწორედ რეგიონებში სიარულს უწუნებდა ხაბეიშვილს ე.წ. სვეცკი ბაბლი, რომლის მოსაწონადაც თავმჯდომარედ, უცხო ენის მცოდნე თინა ბოკუჩავა დაინიშნა. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებითაც უკმაყოფილო პარტიასა და მის ამომრჩეველთან ყველა ფრთხილობს. ნანუკა ჟორჟოლიანის შემდეგ, საკუთარ კანდიდატურას დღის წესრიგიდან ხსნის თემურ გრიგალაშვილი, რომელიც აქამდე თავმჯდომარეობის ინიციატივითაც გამოვიდა.

პარტიული პოზიციის დასრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლაშა ფარულავაც - ორაზროვანი განცხადებით, რომლითაც "ნაცმოძრაობას" წარმატება უსურვა.

ირაკლი ფავლენიშვილი ამტკიცებს, რომ დაანონსებული რეფორმა, რომელიც პარტიაში პარტიის გარედან, ახალმა სახეებმა უნდა ჩაატარონ, მოქმედ წევრებზე გავლენას ვერ მოახდენს. ამას ამბობს მაშინ, როდესაც ძველი "ნაციონალები" ნანუკა ჟორჟოლიანის ახალ გუნდს ნდობას უპირობოდ ვერ უცხადებენ და მათი ჩანაცვლების საფრთხეზეც საჯაროდ საუბრობდნენ.

"ნაცმოძრაობის" ახალი თავმჯდომარის კანდიდატურასა და შიდაპარტიულ არჩევნებზე ბუნდოვანება კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ვერც სექტემბრის შემდეგ და ვერც ფუნდამენტური რეფორმების შედეგად, ვერ ეშველება პარტიას, რომელიც საკუთარი არსით არაკონსტიტუციურია.

ყრილობას დროებითი ფორმალური მმართველების ასარჩევად "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე კვირაში ჩაატარებს. ამის შემდეგ დაიწყება ე.წ. გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც პარტიამ, მათ შორის, პარტიის არაწევრებით დაკომპლექტებული საბჭოს იდეები უნდა გაატაროს.

დღის ამბები