09 ივლისი 2026,   22:04
ვრცლად
გადამწყვეტი და ყველაზე დრამატული ფაზა მუნდიალზე - დარჩენილია 8 მატჩი

გადამწყვეტი და ყველაზე დრამატული ფაზა მუნდიალზე - დარჩენილია 8 მატჩი, 8 საუკეთესო ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. დღეიდან "რუსთავი 2" დიდ ეკრანებზე საჯარო ჩვენებებს იწყებს. თბილისის ტრიბუნა რესპუბლიკის მოედანია.

მათ, ვისაც სურს, სტადიონის განწყობა, ვისაც სურს ასობით ადამიანთან ერთად უგულშემატკივროს თავის რჩეულ ნაკრებს, საფეხბურთო ზეიმს აუცილებლად უნდა შეუერთდეს. ემოციები, გართობა, ელექტრონული მუსიკა, კვების არაერთი სივრცე... "რუსთავი 2" "სეტანტასთან" ერთად მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 104-ვე მატჩის ექსკლუზიური მაუწყებელია და დღეიდან ჩვენს პირდაპირ ეთერს თბილისის ცენტრში შეკრებილ გულშემატკივრებსაც გავუზიარებთ.

წინ საფეხბურთო გრანდების ნამდვილი ომია. 48-გუნდიანი ისტორიული მუნდიალის დასკვნითი ეტაპი დღეს საფრანგეთისა და მაროკოს დაპირისპირებით გაიხსნება და მისი ყურება უკვე შესაძლებელია გიგანტურ მონტორთან, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სტადიონზე.

წინ გელით 4 მეოთხედფინალი, 2 ნახევარფინალი, ბრძოლა მესამე ადგილისთვის და, 19 ივლისს, ფინალური შეხვედრა ნიუ ჯერსის არენაზე, რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც ასევე მოხდება თბილისის ცენტრში აღმართულ ეკრანზე. ეს არის ტელეკომპანია "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი. რესპუბლიკის მოედანი ახლა ერთი დიდი ფან ზონაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სივრცეს.

მრავალფეროვანი ღია კაფე-ბარები, დისკუსიები ლეგენდებთან - თქვენ შეხვდებით არაერთ ქართველს ფეხბურთელს, ყოველდღიური საფეხბურთო აქტივობები, ელექტრონული მუსიკა, ბავშვების ზონა - საპრიზო გათამაშებებით. გაიყიდება სპორტული მაისურებიც. საფეხბურთო წვეულება ყოველდღე გაიხსნება თამაშების დაწყებამდე 4 საათით ადრე. მოკლედ, თბილისშიც ისეთივე ჯადოსნური მუხტი იქნება, როგორიც დიდ ფეხბურთს და მხოლოდ მუნდიალებს ახასიათებთ.

ევროპა თუ აფრიკა? საფრანგეთი-მაროკო ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება. ორივე ნაკრების შემადგენლობაში "პსჟ-დან" ხვიჩა კვარაცხელიას 6 თანაგუნდელია. აირჩიეთ, სად უყურებთ "რუსთავი 2-ზე" მათ დაპირისპირებას: სახლში თუ ქუჩაში.

დღის ამბები