ვიდეო კადრებში ასახული დანაშაულის ჩადენის გამო, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო. საგამოძიებო უწყებამ დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად აღწერა გასული წლის 29 ნოემბრის ღამეს მომხდარი ფაქტი.
ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს ტერორისტული აქტის ჩადენას, რადგან საქმეში არსებული არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება ამ ფაქტს ვერ ასაბუთებს - ასეთია ელისაშვილის დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატები არც დღევანდელი გადაწყვეტილების დასაბუთებას და არც სასჯელის ზომას არ ეთანხმებიან. დაცვის მხარე, ეროვნული სასამართლოების ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ, დავის ევროპულ სასამართლოში გაგრძელებას გეგმავს.
ბრალდების მიხედვით, ალეკო ელისაშვილის ქმედება სპონტანური გადაწყვეტილების შედეგი არ ყოფილა, რადგან სასამართლოს კანცელარიაში შეჭრილ ალეკო ელისაშვილს თან ჰქონდა - ჩაქუჩი, ბენზინი, სანთებელა, ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით და სხვა ნივთებით, რომლებიც ტერორისტული აქტის ჩასადენად სჭირდებოდა. სასამართლოში შეღწევის შემდეგ კი, მან ბენზინი დაასხა არამარტო იატაკზე, არამედ მაგიდებზე, მათ შორის დოკუმენტებზეც. ბრალდების ვერსიით, ელისაშვილი მანდატურებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, ცდილობდა იარაღის გამოყენებას და მათ სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.
"უმძიმესი დანაშაული, რაც აგენტურის სახის ლუსტრირებას კარგად ახდენს" - სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელისაშვილის ქმედების არადანაშაულებრივად გამოცხადება, სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული მიდგომის გაზიარებას ნიშნავს. მომხდარ ფაქტს, სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე, სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან ტერორისტული მიზნით ჩადენილ სხვა ქმედებას გულისხმობს.