საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი განცხადებები - მსგავსი ქმედება უკვე მეორე თვეა სიტყვიერი გაფრთხილებით, ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდეტიფიცირებულ ფაქტებზე, სასამართლოებში პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მაია დარსმელიძის საქმე განიხილა, რომელმაც სიძულვილის ენა ნინო ჯღარკავას მისამართით გამოიყენა. დარსმელიძე მოსამართლემ 2800 ლარით დააჯარიმა. 6000 ლარით დააჯარიმდა ვახტანგ სანაია, რომელმაც შეურაცხყოფა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს მიაყენა.
მონიტორინგის პარალელურად, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თავად დაზარალებული მოქალაქეებიც მიმართავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები განმარტავენ, რომ დეპარტამენტის მიზანი არა ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება, არამედ სიძულვილის ენის პრევენციაა.
დღეს, გურჯაანის სასამართლომ, 500 ლარით დააჯარიმა იოსებ მარტიაშვილი, რომელმაც საჯარო სივრცეში მოქალაქე ლევან ჭაფოძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
ანალოგიური ქმედება ევროკავშირში სისხლის სამართლის დანაშაულია და ხშირად პატიმრობასაც ითვალისწინებს. ზიზღის ენა არც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაამართლეს. სლოვენიაში ორი ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვის ერთ-ერთ ბლოგერს 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მან ეს გადაწყვეტილება სწორედ სტრასბურგში გაასაჩივრა. სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ შეურაცხყოფისთვის თავისუფლების აღკვეთა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაშია და არ შეიძლება არაპროპორციულად შეფასდეს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევების ფაქტების გამოვლენა და სამართლებრივი საქმეების განხილვა ყოველდღიურად გრძელდება. სამმართველოში განმარტავენ, რომ მთავარ მიზანს საჯარო სივრცეში მოქალაქეთა შეურაცხყოფისა და ცილისწამების პრევენცია წარმოადგენს.