ნეონაცისტი, რომელიც აცხადებს, რომ ტრანსგენდერია, გერმანიაში ქალთა ციხეში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეჭვმიტანილია გენდერული თვითიდენტიფიკაციის კანონმდებლობის დაცინვაში. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
"მარლა-სვენია ლიბიხი, რომელიც მამრობითი სქესის დაიბადა და "სვენი" ერქვა, სანამ საკუთარ თავს ქალად დაარეგისტრირებდა, ოთხშაბათს ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქსონიის ქალაქ ქემნიცის ციხეში გადაიყვანეს. გერმანელი ულტრამემარჯვენე პროვოკატორი, რომელიც აქციებზე ნაცისტური სტილის ფორმაშია გადაღებული, გასული წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მან თავი აარიდა სხვა ქალთა საპატიმროში გამოცხადებას, სადაც 2023 წელს ცილისწამებისა და სიძულვილის გაღვივების გამო მისჯილი წელიწადნახევრიანი პატიმრობა უნდა მოეხადა", - წერს გამოცემა.
The Telegraph-ის ცნობით, ოლაფ შოლცის ცენტრისტული კოალიციის მიერ გატარებულმა რეფორმებმა გაამარტივა ოფიციალურ დოკუმენტებში ადამიანის სახელისა და სქესის შეცვლის პროცედურა. ლიბიხი, რომელიც ახლა საზოგადოებაში ქალის ტანსაცმლითა და ულვაშებით ჩნდება, აცხადებდა, რომ სქესის შეცვლა და სასჯელის ქალთა ციხეში მოხდის მოთხოვნა მიზნად ისახავდა მამრობითი სქესის პატიმრების მხრიდან "დისკრიმინაციის" თავიდან აცილებას. გერმანიის ციხეების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გასულ წელს განაცხადეს, რომ ლიბიხის ქალთა საპატიმროში განაწილების გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მის ოფიციალურად რეგისტრირებულ გენდერს და არა ბიოლოგიურ სქესს.