რა მოხდება, თუ პრეზიდენტის სიტყვები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მსოფლიო მოვლენები არა მხოლოდ ახალი ამბების, არამედ ფსონების დადების ობიექტიც გახდება?
დღეს ფსონები მხოლოდ სპორტზე აღარ იდება. ადამიანები უკვე დებენ ფულს არჩევნების შედეგებზე, ომების დაწყებაზე, ეკონომიკურ გადაწყვეტილებებსა და იმაზეც კი, თუ რას იტყვის პრეზიდენტი საჯარო გამოსვლისას. სწორედ ასეთი ფსონები გახდა თეთრი სახლის მორიგი ხმაურიანი ისტორიის მიზეზი.
წარმოდგენით, დონალდ ტრამპი სცენაზე დგას და კონგრესს მიმართავს. მილიონობით ადამიანი მის პოლიტიკურ გზავნილებს უსმენს, სცენის მიღმა მყოფი ერთ-ერთი ადამიანი კი - სულ სხვა რამითაა დაკავებული.
გაბრიელ პერესი, ტრამპის ტელე-სუფლიორის მრავალწლიანი ოპერატორი, ეკრანზე აციმციმებულ ტექსტს ადევნებს თვალს და პარალელურად, მობილურ ტელეფონში ფსონებს დებს.
ფსონს იმაზე, ახსენებს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი კონკრეტულ სიტყვას მომდევნო 60 წამის განმავლობაში.

ის, რაც ერთი შეხედვით უწყინარ აზარტად შეიძლება ჩათვალოს ვინმემ, თეთრი სახლის მასშტაბურ სკანდალში და $100,000-იან ფინანსურ მაქინაციაში გადაიზარდა.
გაბრიელ პერესი, რომელიც დონალდ ტრამპის ტექნიკური ასისტენტი იყო, ფსონებს დებდა იმაზე, თუ რა სიტყვებს გამოიყენებდა პრეზიდენტი გამოსვლების დროს. საუბარი იყო როგორც ქვეყნების სახელებზე, ისე ეკონომიკურ ტერმინებზე. პერესს, თავისი პოზიციიდან გამომდინარე, გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა პრეზიდენტის გამოსვლის სრული ტექსტი და ამ ცოდნას ფსონების დასადებად იყენებდა.
მან ამ ინფორმაციის გამოყენებით პროგნოზების პლატფორმა Kalshi-ზე დაახლოებით 100 000 დოლარი მოიგო. პერესი ამჟამად უხელფასო შვებულებაშია, დონალდ ტრამპმა კი შემთხვევას "სამწუხარო და სამარცხვინო უწოდა".
ტრამპის ტელე-სუფლიორის ოპერატორის საქმე მხოლოდ ერთი უმნიშვნელო სკანდალი არ არის. ამ შემთხვევის წყალობით ყურადღება მიექცა ახალ ინდუსტრიას, რომელიც ბოლო წლებში მილიარდობით დოლარის მოცულობის უკონტროლო ბაზრად იქცა.
ბოლო თვეებში პროგნოზების ბაზრებზე ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენების რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა დაფიქსირდა:
აპრილში სამი პოლიტიკური კანდიდატი საკუთარი არჩევნების შედეგებზე ფსონების დადების მცდელობის გამო გააკრიტიკეს.
ივნისში კი ფედერალურმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება, დადო თუ არა ყოფილმა კონგრესმენმა ჯორჯ სანტოსმა ფსონი ტრამპის „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“ გამოსვლაზე დასწრებასთან დაკავშირებით.

რა არის პროგნოზების ბაზარი და როგორ მუშაობს ის?
ეს არის ბირჟის მსგავსი პლატფორმა, რომელზეც მომხმარბელები ფსონებს დებენ თითქმის ნებისმიერ მოვლენაზე, დაწყებული შტატების არჩევნებითა და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებით, დასრულებული იმით, თუ ვინ გაიმარჯვებს რეალითი შოუში Love Island.
რაზე დებენ მომხმარებლები ფსონებს?
მოიგებს თუ არა კონკრეტული კანდიდატი არჩევნებს;
დაიწყებს თუ არა ქვეყანა სამხედრო ოპერაციას;
შეამცირებს თუ არა ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს;
რამდენჯერ ახსენებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვა "ირანს";
ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს;
რა ამინდი იქნება კონკრეტულ ქალაქში;
ვინ იქნება რომელიმე სატელევიზიო შოუს გამარჯვებული;
სხვა...
მაგალითად, Kalshi-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ ფსონი დადონ იმაზე, ახსენებს თუ არა პრეზიდენტი სიტყვა "ირანს"-ს სამჯერ ან მეტჯერ. თუ პროგნოზი გამართლდება, მოთამაშე იგებს, თუ არა, ფსონს აგებს.

ბოლო წლებში პლატფორმებზე, როგორიცაა Kalshi და Polymarket, მილიარდობით დოლარის გარიგებები იდება, თუმცა მათი მზარდი პოპულარობის ფონზე სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვები, ხომ არ არღვევენ ისინი აზარტული თამაშების შესახებ მოქმედ კანონებს.
სად გადის ზღვარი?
მთავარი კითხვაც სწორედ ეს არის: რა ხდება მაშინ, როცა თამაშის შედეგი ვიღაცამ წინასწარ იცის?
ზუსტად აქ ჩნდება მთავარი საფრთხე როდესაც ინსაიდერი, პერესის მსგავსად, შიდა, ექსკლუზიურ ინფორმაციას პირადი გამორჩენისთვის იყენებს.
თუ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკა მხოლოდ ახალი ამბების შემადგენელი ნაწილი იყო, დღეს ის მსხვილი ფინანსური ბაზრების ნაწილად იქცა.
არჩევნები, ომები, გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები და მსოფლიო ლიდერების თითოეული სიტყვა უკვე არა მხოლოდ საჯარო დისკუსიის, არამედ ფინანსური პროგნოზებისა და დიდი ფსონების ობიექტია.
სწორედ ამიტომ ცდილობენ ამერიკელი მარეგულირებლები იმის განსაზღვრას, თუ სად მთავრდება გართობა და იწყება თაღლითობა.
ავტორი: ნათია ჩეხერია