21 ივლისი 2026,   10:04
ვრცლად
ეპოქალური მუსიკა და უმნიშვნელოვანესი საიუბილეო თარიღი - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის "რეკვიემი" გაცოცხლდება

ეპოქალური მუსიკა და უმნიშვნელოვანესი საიუბილეო თარიღი - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის გენიალური "რეკვიემი" გაცოცხლდება. მსოფლიო კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ქმნილება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონცერტში, სადაც ვერდის ეპოქალური მუსიკა გაჟღერდება, ვარსკვლავური შემადგენლობა მონაწილეობს. მსმენელის წინაშე საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ხელოვანები წარდგებიან. საღამოში ასევე მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.

წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ისტორიული მოვლენა წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას, იბერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებასა და ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელი არაერთ მასშტაბურ ღონისძიებასა და კლასიკური მუსიკის საღამოს აერთიანებს.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ვერდის "რეკვიემის" გარდა, კლასიკური მუსიკის მოყვარულები სხვა ცნობილ ნაწარმოებებსაც მოისმენენ. კონცერტებში მონაწილეობენ საფესტივალო ორკესტრი, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი და საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები