21 ივლისი 2026,   08:24
ვრცლად
"ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ კვლავ შეგვიძლია სტაბილურობის აღდგენა, სწორედ ეს არის ჩვენი გამოწვევა" - ბრიტანეთის ახალი პრემიერი ენდი ბერნემი

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მთავარ გამოწვევად ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენას ასახელებს. ენდი ბერნემის განცხადებით, ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური არასტაბილურობისა და ხშირი სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, დროა, ბრიტანეთმა მსოფლიოს საკუთარი ეფექტიანობა აჩვენოს.

მეფე ჩარლზ მესამისგან მთავრობის ფორმირების მანდატის მიღების შემდეგ, ბერნემმა პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობასა და ახალი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ახლახან დავბრუნდი ბუკინგემის სასახლიდან, სადაც მისი უდიდებულესობა მეფისგან მთავრობის ფორმირების შეთავაზება მივიღე. ამ ნაბიჯის გადადგმისას სრულად ვაცნობიერებ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მეექვსე ადამიანი ვარ, ვინც ამ ქუჩაზე გამოდის, 2016 წლის შემდეგ - მეშვიდე პრემიერ-მინისტრი ვარ. ეს დაფიქრებისა და ახალი გადაწყვეტილებების მიღების მომენტია. ჩემი თაობის პოლიტიკოსებმა უფრო ეფექტიანად უნდა ვიმუშაოთ და ახალ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ კვლავ შეგვიძლია სტაბილურობის აღდგენა. სწორედ ეს არის ჩვენი გამოწვევა," - განაცხადა ენდი ბერნემმა.

ცნობისთვის, კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ, ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად მეფე ჩარლზ მესამემ უკვე დაამტკიცა. ბერნემი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის რიგით მეხუთე პრემიერ-მინისტრია, დღესვე დაიწყებს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას. მან უკვე დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში ბრიტანეთის განვითარების 10-წლიან სტრატეგიულ გეგმას წარადგენს.

დღის ამბები