21 ივლისი 2026,   12:50
ვრცლად
ამერიკული ავიაციის დარტყმები და ირანის საპასუხო შეტევები - ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია გრძელდება

კომბინირებული საჰაერო რეიდის პირველი შედეგები უკვე ცნობილია - ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტები იწვის. შეერთებული შტატების სამიზნე, თებრიზის, ხუზესტანისა და ჰორმოზგანის პროვინციებში განლაგებული სამხედრო ინფრასტრუქტურა გახდა. განადგურებულია მიწისქვეშა სარაკეტო ბაზები, სარადარო ქსელები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

რთული ვითარებაა ჰორმუზის სრუტის სანაპირო ზოლსა და ხუზესტანის პროვინციაში, სადაც ამერიკული ავიაციის იერიშების შედეგად, სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის დარხოვინის ატომურ ელექტროსადგურზე, ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

შეერთებული შტატების იერიშების პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ერთმანეთის მიყოლებით ცხადდებოდა საჰაერო განგაში. იორდანია, ქუვეითი და ბაჰრეინი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებას უწყვეტ რეჟიმში ცდილობდნენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მთავარი სამიზნე ბაჰრეინში განთავსებული აშშ-ის მეხუთე ფლოტი, ქუვეითის ენერგეტიკული ობიექტები და სამხრეთ იორდანია იყო. თუმცა, ოფიციალური უწყებების მტკიცებით, თავდაცვის სისტემებმა ირანული თავდასხმების უმეტესობა წარმატებით მოიგერიეს.

ამ დრომდე უცნობია, დასხდებიან თუ არა ვაშინგტონისა და თეირანის დელეგაციები მოლაპარაკებების მაგიდასთან. სამშვიდობო პროცესისთვის მზაობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოთქვა და პროცესის განახლებისთვის კონკრეტული პირობებიც დაასახელა. ირანის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ ვაშინგტონის გზავნილები შუამავლების მეშვეობით მიიღეს.

მიმდინარე ესკალაციის ფონზე ცნობილი გახდა, რომ ირანულ დარტყმებს კიდევ სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. The Wall Street Journal-ი და სხვა ამერიკული მედია, პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სამხედროების დაღუპვის შემდეგ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები