21 ივლისი 2026,   07:47
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ ავგი ბალაბანოვა 500 ლარით, ხოლო ცისანა მადიაშვილი და როსტომ ჟორდანია 1500-1500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი მუშაობას აქტიურად განაგრძობს. დღეს ქვეყნის მასშტაბით 7 სასამართლო პროცესი ჩაინიშნა, რომელთაგან სამზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა ავგი ბალაბანოვა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოლიტიკოს თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ ცისანა მადიაშვილი და როსტომ ჟორდანია. საქმის მასალების მიხედვით, მადიაშვილმა თამარ ქორიძის, ხოლო ჟორდანიამ - დავით ზარდიაშვილის მიმართ გამოიყენეს სიძულვილის ენა.

"ოქმის შემდგენი ორგანო ქალბატონ ცისანა მინდიაშვილს ედავებოდა თამარ ქორიძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ქალბატონმა თამარმა თავად მიმართა შსს-ს განცხადებით, რაზეც დაიწყო სამართალწარმოება მონიტორინგის ფარგლებში, მოკვლეულ იქნა არაერთი მტკიცებულება და წესების დაცვით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელი დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ბატონი როსტომ ჟორდანიას მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ვინაიდან ოქმის შემდგენი ორგანო ბატონ როსტომს ედავებოდა ბატონი დავით ზარდიაშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ასევე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით," - აცხადებს შსს-ის იურისტი, ანა კაკიაშვილი.

ცნობისთვის, კიდევ ორ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს, ერთი პროცესი კი გადაიდო.
დღის ამბები