22 ივლისი 2026,   15:51
ვრცლად
ComCom-მა ახალგაზრდობის სააგენტოს საზაფხულო ბანაკის სტუდენტებს ტრენინგი - "AI დასაქმებისთვის" ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს "ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე 60-მდე სტუდენტს თემაზე "ხელოვნური ინტელექტი დასაქმებისთვის" ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ტრენერები, ნინო გვაგვალია და თამუნა ჩიქავა წარუძღვნენ.

აღნიშნული ტრენინგი ახალგაზრდებში მომავლის კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. სემინარის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ინსტრუმენტების გაცნობა და მათი ეფექტიანი გამოყენება, AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, AI როგორც პერსონალური ასისტენტი დასაქმების პროცესში, ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების პლატფორმები, LinkedIn-ის პროფილის ოპტიმიზაცია და სხვა. AI-ის, როგორც პერსონალური ასისტენტის გამოყენება (მაგ. CV-ის წერა, სამოტივაციო წერილების გენერირება, ინფორმაციის მოძიება), ახალგაზრდებს უზოგავს დროს და ეხმარება ყოველდღიური დავალებების უფრო ხარისხიანად შესრულებაში. ინოვაციური ინსტრუმენტების ფლობა მათ სძენს „მომავლის უნარებს“ (Future Skills), რაც დამსაქმებლებისთვის ძალიან მიმზიდველია. AI-ის ინტეგრირება დასაქმების პროცესში ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ვაკანსიების უფრო ჭკვიანური ფილტრაცია, გასაუბრებებისთვის სიმულაციური მომზადება და საკუთარი უნარების ბაზრის მოთხოვნებთან მორგება. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო პლატფორმების გაცნობა ახალგაზრდებს უხსნის გზას ფრილანსინგის, დისტანციური მუშაობისა და საერთაშორისო სტაჟირებებისკენ. აღნიშნული ტრენინგი ახალგაზრდებს აძლევს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა იყვნენ უფრო თავდაჯერებულები სამუშაოს ძიებისას, წარმოაჩინონ თავი თანამედროვე ციფრულ პროფესიონალებად და დაზოგონ რესურსები AI-ის გონივრული გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით გასულ თვეს დაიწყო. თანამშრომლობის მიზანია, ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერება, მათი სტრატეგიული განვითარებისა და ახალგაზრდებთან ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით. მხარეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებასა და სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება პროექტები, სახელმწიფო უწყებების მიერ შეთავაზებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ, ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით. მათ შორის რეგიონების მასშტაბით, გაძლიერდება და განვითარდება ახალგაზრდული ცენტრები და სივრცეები, როგორც ახალგაზრდებთან სახელმწიფოს კომუნიკაციის, არაფორმალური განათლებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

"ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის" თემატური ახალგაზრდული ბანაკების მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ.

დღის ამბები