პეტერ ფიშერის წასვლიდან მალევე, საქართველოს ელჩი გერმანიაში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინ მაიერისგან რწმუნებათა სიგელს მიიღებს, - ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პირველ ოქტომბერს დანიშნულ ელჩს რწმუნებათა სიგელი ხვალ, 10 თვის შემდეგ გადაეცემა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ელჩების აკრედიტაციის" ღონისძიებების ჩამონათვალში ალექსანდრე კარტოზია პირველ ნომრად წერია.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
თემას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა "ქართულმა ოცნებამ" დააზიანა და არა ფიშერმა.
"გერმანიასთან ურთიერთობების დაზიანებაზე პასუხისმგებელი არა ელჩი ფიშერი, არამედ "ქართული ოცნებაა". ჩემი აზრით ამით იყო გამოწვეული ბატონი კარტოზიას დაყოვნება. არ ვიცი, შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება გერმანიასთან", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.