ბრიუსელში ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის საბოლოო შეთანხმებას ცდილობენ.
ეს არის პირველი სანქციების პაკეტი მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვიქტორ ორბანმა დატოვა.
როგორც გამოცემა POLITICO წერს, ორბანის წასვლის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ სხვა ევროპული დედაქალაქები საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად შეზღუდვების შემსუბუქებას ღიად ითხოვენ.
წლების განმავლობაში ორბანის პოზიცია მათ საშუალებას აძლევდა, საკუთარი პრეტენზიები უნგრეთის ვეტოს მიღმა დაემალათ, თუმცა ახლა წევრ ქვეყნებს პოზიციების საჯაროდ დაცვა უწევთ.
ევროკომისიის მიერ წარდგენილი ახალი პაკეტი რიგით 21-ეა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
დიპლომატების განცხადებით, 20 პაკეტის მიღების შემდეგ ევროკავშირს "ადვილად მისაღწევი მიზნები" აღარ დარჩა. ახალი შეზღუდვები პირდაპირ უპირისპირდება, ცალკეული წევრი ქვეყნების მსხვილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს, სანქციების დამტკიცებას კი 27-ვე სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.
POLITICO-ს ცნობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ტექსტიდან უკვე ამოიღეს ან საგრძნობლად შეარბილეს.
საბერძნეთი ეწინააღმდეგება რუსული თხევადი გაზის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების აკრძალვას, რადგან მსოფლიოში უმსხვილეს სავაჭრო ფლოტს ფლობს და საკუთარ საზღვაო სექტორს იცავს.
ავსტრიამ მოლაპარაკებები Raiffeisen Bank-ისთვის კომპენსაციის მოთხოვნის გამო შეაფერხა.
გარდა ამისა, სამომხმარებლო ფასების ზრდის შიშით, პროექტიდან სრულად ამოიღეს რუსული თევზის იმპორტის აკრძალვა, საიდანაც მოსკოვი ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტს იღებს.
პოლიტიკური და დიპლომატიური მიზეზებით გაუქმდა სხვა შეზღუდვებიც. ბულგარეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო, სანქციების სიიდან ამოიღეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური პატრიარქი კირილე, რაშიც, დიპლომატების თქმით, ვატიკანის პოზიციამაც ითამაშა როლი.
ამასთან, საფრანგეთისა და იტალიის მოთხოვნით შეარბილეს სავიზო შეზღუდვები ყოფილი რუსი სამხედროებისთვის, რადგან ქვეყნებმა გადამოწმების მექანიზმები არასაკმარისად მიიჩნიეს.
POLITICO-ს ცნობით სერიოზული დათმობების მიუხედავად, სანქციების მე-21 პაკეტი მაინც ინარჩუნებს რამდენიმე მკაცრ ზომას. ახალი შეზღუდვებით, ათობით რუსული ბანკი დამატებით გაითიშება SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან, ხოლო 250-ზე მეტ ფიზიკურ პირს ევროკავშირში შესვლა აეკრძალება.