სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ვახო სანაიას საქმე განიხილა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს. სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
"უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ. პირველ ორ შემთხვევაში, შსს-მ სახდელის სახით იშუამდგომლა ჯარიმის გამოყენება, ასევე, ჯარიმის გამოყენება მაქსიმალური ოდენობით. დღევანდელ სასამართლოზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე - წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას.
შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად, აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლომ გაიზიარა - ვახტანგ სანაია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით. ეს იყო საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე პირველი ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილ ოქმთან დაკავშირებით," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, მარიამ კერესელიძე.
სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.