26 ივლისი 2026,   22:49
ვრცლად
ქსოვილში შენახული ისტორია - ისტორიული სამოსისა და ქსოვილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშების ეტაპობრივად აღდგენა იწყება

ქსოვილში შენახული ისტორია - ეროვნული სამოსის რესტავრაციის უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. 

ეროვნული მუზეუმის საცავებში დაცული ნიმუშები ქართული კულტურის ერთგვარი მატიანეა, თუმცა დროის კვალი ამ უნიკალურ მემკვიდრეობასაც ეტყობა. ამიტომ, ისტორიული სამოსისა და ქსოვილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშების ეტაპობრივად აღდგენა იწყება.

ეროვნული სამოსი ისტორიაა, ის ფიქრები და განცდებია, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდა. თითოეული ხელით შექმნილი ორნამენტით წინაპრების კვალს მივყვებით.

დროის მიღმა შემონახული ფერები, ხელით ნაქსოვი ორნამენტები ძველდება, ფერი ელვარებას, ქსოვილი სიმტკიცეს კარგავს. ძაფებში ჩაქსოვილი ამბები რომ გადარჩეს, სამოსი უნდა აღდგეს.

მუზეუმის საცავები ბევრ ისეთ ნივთს ინახავს, რომელიც არასდროს გვინახავს. დიდგვაროვნების შესამოსელი ან თუნდაც უბრალო ადამიანების ყოველდღიური სამოსი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ახლა, როგორც აქ უწოდებენ, სარეანიმაციო სივრცეში გადაინაცვლებს.

რესტავრაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია. თავიდან დაზვერვითი სამუშაოებია, შემდეგ შესწავლა, მოძიება, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შესრულდეს. ისე, რომ მთავარი პრინციპი არ დაირღვეს - სამოსი დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს.

ზოგჯერ ყველაზე რთული ის აღმოჩნდება, რაც დროთა განმავლობაში გაქრა - მასალა, ფერი, ტექნიკა.

დაკარგულის ძიება კი სწორედ აქ იწყება.. იქმნება ის, რაც აღარ არსებობს, რათა გადარჩეს მატერიები, რომლებიც შემოგვრჩა.

სპეციალურად შექმნილ ლაბორატორიაში ძველ ტექნოლოგიებს იკვლევენ, საუკუნეების წინანდელ ფერებს იღებენ... ტექნოლოგია რესტავრატორმა უნდა აღადგინოს.

სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნა სამუშაო სივრცე, გაჩნდა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების აუცილებლობა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მცველებს ფრანგი კონსერვატორ-რესტავრატორები შეუერთდნენ. ორი მხარის გამოცდილება საერთო მიზნისთვის გაერთიანდა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შემოქმედებითი საქართველოს და Georgian Infusion-ის ერთობლივი ძალებით ეროვნული პროექტის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები შესაბამისად მომზადდებიან, შეიქმნება მუდმივმოქმედი ეთნოგრაფიული გამოფენა, ნივთები გადარჩებიან, სამუზეუმო სივრცეებს კი ფერებით, ისტორიებით ძველი, მივიწყებული კოლექციები შეემატება.

დღის ამბები